პოლიტიკა
სააკაშვილი: საქართველოში არჩევნების შემდეგ ჩავალ, მაგრამ ეს დაბრუნება არ იქნება
საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით მას საქართველოში ჩასვლა შეუძლია, სადაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და მას ხელს ვერავინ დააკარებს. ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა უკრაინის ტელეარხის "112 უკრაინა"- ს ეთერში განაცხადა. ის დარწმუნებულია, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში მისი მხარდამჭერები, სამხედროები და სამართალდამცველები დაიცავენ, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობას უჭერენ მხარს.

"ხელისუფლებამ ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა, მაგრამ ახლახან თბილისის ცენტრში მიტინგი ჩატარდა, სადაც 70 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ეს დიდი რიცხვია, იგივეა, რომ უკრაინაში კრეშჩატიკზე 500 ათასი ადამიანი გამოსულიყო. ეს ნიშნავს იმას,რომ იქ მე თითსაც ვერავინ დამაკარებს იმ პირობებში, როდესაც თითქმის მთელი პოლიცია ჩვენს მხარეზეა, შეიარაღებული ძალები ჩვენს მხარეზეა, ანუ სახელმწიფოებრიობისა და კანონიერების მხარეზეა. ივანიშვილს სამართალდამცველების ძალები არ ეყოფა, მათ მოკლე ხელები აქვთ, რომ მე მომწვდნენ", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში იმიტომ არ ჩავიდა, რომ ძალადობრივი ქმედებების საბაბი არ გამხდარიყო. არჩევნების შემდეგ, აუცილებლად ჩავა, მაგრამ ეს მისი დაბრუნება არ იქნება, რადგან მუშაობას უკრაინაში გეგმავს.

Print