პოლიტიკა
გია გვაზავა: დევნილთათვის შემწეობის შესაძლო მოხსნა „პოლიტიკური დივერსიაა“
„ეს დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პოლიტიკური საფუძვლის ნიველირებაა“, - აღნიშნული კომენტარი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ დევნილთათვის შემწეობის შესაძლო მოხსნასთან დაკავშირებით გააკეთა.

გვაზავა გაზეთ „ახალ თაობას“ დევნილთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ პროექტზე ესაუბრა და მას საქართველოსთვის სახიფათო უწოდა.

"ეს არ არის მხოლოდ ფისკალური საკითხი. ეს პოლიტიკური დივერსიაა, რომელშიც შორსმიმავალი გეგმებია ჩამალული: უახლოეს მომავალში დასათვლელი დარჩება „ნამდვილი“ დევნილი, ანუ ის ხალხი, რომელსაც საკუთარ სახლებში დაბრუნების კანონიერი საფუძველი და პრეტენზია ექნება, თუმცა, ამის უფლებას მათი შვილები და შვილიშვილები მოკლებული იქნებიან. ფაქტიურად, ეს არის პირველი პრაქტიკული ნაბიჯი დევნილებისთვის პოლიტიკური სტატუსის მოსახსნელად. ანუ, დევნილების საკუთარ სახელბში დაბრუნების პოლიტიკური საფუძვლების ნიველირება! ეს არანაირად არ წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში, მაშინ, მიჩნდება კითხვა - ვის სჭირდება ეს“ - აღნიშნა გია გვაზავამ.

არსებული ინფორმაციით, დევნილთა სამინისტროში მუშავდება შემწეობის რეფორმისთვის მოსამზადებელი დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ზოგიერთი კატეგორიის დევნილებს 45-ლარიანი შემწეობა მოეხსნებათ, ზოგიერთებს- გაეზრდებათ.




Print