პოლიტიკა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწყდება (ვიდეო)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ და ამჟამად "ევროპული საქართველოს" წევრს გელა თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწყდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა წოწერიამ უთხრა. მისი თქმით, თოლორაიამ მონაწილეობა მიიღო როგორც კომისიის, ასევე, საკრებულოს მუშაობაში.

„ის გამოცხადდა და მონაწილეობა მიიღო საკრებულოს მუშაობაში, შესაბამისად, ვერ ამოქმედდება მუხლი, რომელიც უფლებამოსილების შეწყვეტას ითხვალისწინებს“, - აღნიშნა წოწერიამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ბათლომე შელიას თქმით, თოლორაია სხდომას დღევანდელი მოვლენების მიუხედავად და კანონის შესაბამისად მაინც დაესწრო.

„დღევანდელმა მოვლებებმა გვანახა, როგორი ობსტრუქციულები არიან „ენმ-ის წევრები, ამიტომაც, უბრალოდ, კანონის მოთხოვნა შევასრულეთ, დაესწრო და შემდეგ დატოვა სხდომა. რაც შეეხება დღის პირველ ნახევარში განვითარებულ მოვლენებს, სამარცხვინო ქმედება იყო მათი მხრიდან, რომ გუშინ მათმა ლიდერმა თანამშრომლობა შემოგვთავზა, დღეს კი ვანხეთ, რომ მთელმა სამეგრელოს ორგანიზაციამ „ევროპულ საქართველოს“ ობსტრუქცია მოუწყო“, - თქვა შელიამ.



თავად გელა თოლორაიას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთეთებია. ის საკრებულოს სხდომას რამდენიმე წუთით დაესწრო, დღის წესრიგს მხარი დაუჭირა და დარბაზი დატოვა.

კანონის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მაისის თვემდე თოლორაია სხდომაზე არ დაფიქსირდებოდა, მას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდებოდა.

რამდენიმე საათის წინ საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების გამო გადაიდო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა თოლორაიას დასწრება გააპროტესტეს. მათი თქმით, თოლორაიამ მანდატი მათი პარტიის ხმებით მოიპოვა და უფლებას არ მისცემენ სხდომებს, როგორც "ევროპული საქართველოს" დეპუტატი დაესწროს.

ამავე თემაზე:

გელა თოლორაია საკრებულოს სხდომას რამდენიმე წუთით დაესწრო


Print