პოლიტიკა
სოხუმში „საპრეზიდენტო არჩევნების“ გადავადებას ითხოვენ
„სოხუმის საკრებულოს თავმჯდომარე“ გამოდის წინადადებით, გადავადდეს დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის არჩევნები და 2019 წლის აგვისტოს ნაცვლად, აპრილში ჩატარდეს, ხოლო „სახელმწიფოს მეთაურის“ ინაუგურაცია 2019 წლის 27 მაისს გაიმართოს.

ამის შესახებ კონსტანტინე ფილიამ „ქალაქის საკრებულოს სხდომაზე“ განაცხადა და შესაბამისი მიმართვის პროექტიც წარადგინა. მისი თქმით საზოგადოებაში არსებული „დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, საპრეზიდენტო არჩევნების გადატანა სტაბილურობის და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს“, წერს „აბხაზია ინფორმი“.

ასევე, ფილიას აზრით, არჩევნების გადავადება მოქალაქეებს საკურორტო სეზონზე მშვიდად მუშაობის საშუალებას მისცემს, რადგან, მისი თქმით ტურისტების მიღება და მომსახურება მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა.„საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივა“ დეპუტატებმა ჩაინიშნეს, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

Print