პოლიტიკა
მეოცე უბანზე სალომე ზურაბიშვილმა მოიგო
ზუგდიდის #20-ე უბანზე, სადაც მთელი დღის განმავლობაში დაძაბულობა იყო და გაურკვეველი სტატუსის ადამიანების მოძრაობა შეინიშნებოდა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. მან გრიგოლ ვაშაძეს 23 ხმით მოუგო. კერძოდ, მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა 304 ხმა მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 281 ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.

აღსანიშნავია, რომ აქ ჟურნალისტები ხმის დათვლის პროცესს თავიდან არ ესწრებოდნენ, რადგან ისინი კენჭისყრის ოთახში არ შეუშვეს.

მანამდე, ერთ-ერთმა დამკვირვებელმა და სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერმა მაკა კოდუამ რადიო "ათინათის" ჟურნალისტს ნაძირალა უწოდა და ტელეფონი წაართვა. კამათის მიზეზი საარჩევნო უბანზე ჟურნალისტების არ შეშვება გახდა. კოდუა ამტკიცებდა, რომ მედიის წარმომადგენლებს კენჭისყრის ოთახში უბნის დახურვის შემდეგ შესვლის უფლება არ ჰქონდათ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

აღნიშნულ უბანზე, დაახლოებით, 18:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რომ სამაგიდო წიგნის ნაწილი დაკარგული იყო. ადგილზე იმყოფებოდნენ საოლქო კომისიის წევრები და სამართალდამცავები. ამის შემდეგ, პოლიციელებმა მედიის წარმომადგენლებისთვის კარები ჩაკეტეს და ის მხოლოდ ორსაათნახევრის შემდეგ გააღეს.

20-ე უბანზე განვითარებულ მოვლენებს მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ პროვოკაცია უწოდა. მისი თქმით, დღის განმავლობაში მსგავი პროვოკაციები არაერთხელ დაფიქსირდა.

" მიუხედავად მსგავასი პროვოკაციებისა მინდა დავამშვიდო ჩვენი ამომრჩეველი, რომ არჩევნები დასრულდება მშვიდად", -თქვა ქვარაიამ.

აღნიშნულ უბანზე სულ 1 284 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
Print