მსოფლიო
უელსში დღეს ნატო-ს სამიტი გაიხსნება
უელსში დღეს ნატო-ს სამიტი გაიხსნება. სამიტი ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენისა და მასპინძელი ქვეყნის _ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონის მიმართვით გაიხსნება. პირველი შეხვედრა სამიტის ფარგლებში ავღანეთის საკითხზე გაიმართება, რომელშიც ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები, ISAF-ის კონტრიბუტორები, ასევე იაპონია, ყაზახეთი, პაკისტანი და გაერო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. სამიტის პირველივე დღეს გაიმართება ნატო-უკრაინის კომისიის სხდომაც, რომელზეც მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. დღესვე, დაგეგმილია ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თავიანთ კოლეგებთან ასპირანტი ქვეყნებიდან (საქართველო, ბოსნია-ჰერცოგოვინა, მონტენეგრო და მაკედონია), რომელშიც, შესაბამისად, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია კი მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისა და ალიანსის პარტნიორი 24 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში. სამიტის მეორე დღეს, 5 სექტემბერს კი ჩრდილოანტლანტიკური საბჭო ორ სესიას გამართავს. ასევე დაგეგმილია კონსულტაციები ევროკავშირის, ეუთო-სა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან.
Print