მსოფლიო
აშშ-მა ყირიმს ახალი სანქციები დაუწესა
აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბრძანებას, 19 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოაწერა ხელი. ბრძანების თანახმად, აშშ-ის მოქალაქეებს ყირიმში ინვესტიციების განხორციელება და ყირიმიდან აშშ-ში ნებისიერი პროდუქციის შეტანა ეკრძალებათ. "ახალი ბრძანება ადასტურებს, რომ აშშ-ი არ შეეგუება რუსულ ოკუპაციასა და ყირიმის ანექსიის მცდელობას", - განაცხადა ბარაკ ობამამ. უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა კანადამაც. კანადის პრემიერ-მინისტრის სტივენ ჰარპერის განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის 20 მოქალაქეს, რომლებიც ხელს უწყობენ აღმოსავლეთ უკრაინაში ტერორისტულ ქმედებებს, კანადაში შესვლა აეკრძალათ. ასევე შეიზღუდა ტექნოლოგიების ექსპორტი, რომელიც რუსეთში ნავთობის მოპოვებისთვის გამოიყენება.
Print