სამართალი
”ეს შენ გეხება” ხელისუფლებას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს
კამპანია „ეს შენ გეხება“ საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, ერთ-ერთი მედია საშუალების ვებგვერდის მეშვეობით გავრცელებული პატიმრების წამების კადრები დაბლოკოს და დროულად დაიწყოს გამოძიება კადრების მოპოვებისა და გავრცელების საკითხთან დაკავშირებით.

კამპანიაში შემავალი ორგანიზაციები აცხადებენ,რომ აღნიშნული დანაშაულების ადეკვატური სამართლებრივი შეუფასებლობა არის იმის მიზეზი, რომ თემა ხშირად ხდება მანიპულაციების საგანი.

”პატიმართა წამების ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელება მოხდა დაუშტრიხავი ფორმით იმგვარად, რომ ყველასათვის შესაძლებელი გახდა კადრებზე ასახული პირების იდენტიფიცირება. კადრები ასევე აიტვირთა და ფართოდ გავრცელდა YouTube-ზე. სამწუხაროდ, შესაბამისი უწყებების მიერ კადრების დაბლოკვა ამ დრომდე არ არის უზრუნველყოფილი. ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია უარყოფითი პოზიცია ამგვარი კადრების (და მით უფრო) დაუშტრიხავი ფორმით საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით სავალალოა ის გარემოება, რომ ინტერნეტში განთავსებით ამგვარი მასალა ხელმისაწვდომი ხდება პირთა განუსაზღვრელი წრისთვის, მათ შორის არასრულწლოვნებისთვის, რომელთაც ეძლევათ კადრების გადმოწერის, შენახვის, სხვადასხვა მიზნებით მათი მოგვიანებით გამოყენების შესაძლებლობა. კადრების ამ ფორმით გავრცელება მიუღებელია. ეს არღვევს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ხელახალ ტრავმას აყენებს კონკრეტულ პირებს, მათი ოჯახის წევრებსა და მთლიანად საზოგადოებას. კამპანია „ეს შენ გეხებაში“ შემავალ ორგანიზაციებს ასევე არაერთხელ დაგვიფიქსირებია სრული მიუღებლობა წამების დანაშაულის მიმართ. ასევე მიუღებელია ამ დანაშაულის დაუსჯელობა ან არაადეკვატურად მსუბუქი სასჯელების გამოყენება წამების დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ”, - ნათქვამია კამპანია ”ეს შენ გეხებას” განცხადებაში.  

არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას, პოლიტიკურ ძალებსა და მედიასაშუალებებს მიმართავს, პირადი ცხოვრების დაცულობისა და წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საკუთარი პასუხისმგებლობები გააცნობიერონ.
Print