სამართალი
პრეზიდენტის სიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
საქართველოს პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურისა და მისი მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში აცხადებენ, დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის გავრცელებისგან ოჯახის თხოვნით თავს იკავებენ.

მინდია გოგოჭური წუხელ ღამით თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე, დაჭრეს. იგი პირველი ლედის მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას, მეუღლეა. ის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში წუხელვე გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება. ამავე საავადმყოფოშია მოთავსებული მისი მეგობარიც, რომელიც, ასევე, დაჭრილია. არსებული ინფორმაციით, მას დაზიანება მხარის არეში აქვს მიყენებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Print