კორონავირუსი
ანაკლიაში, საკარანტინო ზონაში 87 ადამიანი იმყოფება
ანაკლიის სასტუმროებში, სადაც საკარანტინო ზონები მოეწყო, 87 ადამიანი იმყოფება, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი და 9 მარნეულის მკვიდრი. ამის შესახებ რეგიონის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ისაუბრა. ნანა ოდიშარიას თქმით, არცერთ მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„დღეს ჩვენს საკარანტინო სივრცეში, რომელიც მოქმედებს ანაკლიაში, იმყოფება 87 ადამიანი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არცერთს არ აღენიშნება ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ერთი არის მცირეწლოვანი.  მათ შორის არიან, ჩვენი რეგიონის მკვიდრები, მაგრამ ძირითადი ნაწილი არის სხვადასხვა რეგიონებიდან, აქედან ცხრა პირი არის მარნეულიდან, რომლებიც ოზურგეთიდან გადმოიყვანეს. მათ არ ჰქონდათ პირდაპირი კონტაქტი დაინფიცირებულ ქალბატონთან“,- ამბობს ოდიშარია.

ამავე ცნობით, რეგიონში კორონავირუსზე საეჭვო პაციენტი არ იმყოფება.

სამეგრელო-ზემო სვანეთში ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში 358 ადამიანი გადის, ხოლო მოეხსნა 69, საკარანტინო სივრცეში იძულებით გადაიყვანეს 27 პირი.
Print