რეგიონი
ჩხოროწყუში საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ „ფერმერთა მომსახურების ცენტრი“ გახსნა (ვიდეო) ®
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ (GHGA) ჩხოროწყუში „ფერმერთა მომსახურების ცენტრი“ გახსნა. აღნიშნულ ცენტრში „თხილის გადარჩენის პროგრამაში“ ჩართულ ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მაღალი ხარისხის პესტიციდები შეღავათიანი პირობებით და ფასებით. მათ ადგილზე მოემსახურებიან კვალიფიციური აგრო-კონსულტანტები. გახსნის ცერემონიალს ადგილობრივ ფერმერებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია დაესწრო.

ფერმერები ამბობენ, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია „ფერმერთა მომსახურების ცენტრის“ გახსნა, რადგან აქ მათ შესაძლებლობა ექნებათ მაღალი ხარისხის პრეპარატები განვადებით შეიძინონ.
„ძალიან გვიხარია, რომ ასეთ დახმარებას გვიწევენ. კარგი მოსავალი, რომ მივიღოთ თხილი უნდა შეიწამლოს სამი-ოთხჯერ მაინც. გლეხი ხალხი ვართ ჩვენ, ძალიან გვიჭირს და ამ პრეპარატებს შეღავათიანად რომ გვაძლევენ ძალიან კარგია“, - თქვა ფერმერმა ავტო წულაიამ.

ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ, მეთხილეებს იმ სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რასაც ორგანიზაცია განახორციელებს. მისი თქმით, თხილის გადარჩენის პროგრამაში ათასობით ფერმერი აქტიურად არის ჩართული.

„დღეის მდგომარეობით შექმნილია 200-ზე მეტი ფერმერთა ჯგუფი. იმისთვის, რომ თხილის ინდუსტრია გადარჩეს საჭიროა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ჩვენი აგრო-კონსულტანტები ადგილობრივ მეთხილეებს ჩაუტარებენ ტრენინგებს. ასევე შესაძლებელია ადგილზე განვახორციელოთ მონიტორინგი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია როგორც წამლობის ეტაპების დაცვა, ასევე აპარატები, რის დარიგებასაც ჩვენ დავიწყებთ ჯგუფებში. აუცილებელია ხარისხიანი პესტიციდები, რომლის შეძენაც მათ ჩვენს ცენტრებში შეუძლიათ“, - აღნიშნა გიორგი თოდუამ.

„თხილის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ახორციელებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შპს „აგრიჯორჯია“-ს მხარდაჭერით, მომზადება გაიარეს იმ აგრო-კონსულტანტებმა, რომლებიც მოემსახურებიან თხილის მწარმოებელ ფერმერებს სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებში. თითოეული მათგანი მენეჯმენტს გაუწევს საშუალოდ 200 ჰექტარ თხილის ფართობს და წლის განმავლობაში განახორციელებს ვიზიტებს ფერმერების თხილის ბაღებში, მონიტორინგს გაუწევს სამუშაოების შესრულებას და გასცემს რეკომენდაციებს.

პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებულ ფერმერთა ჯგუფებს გადაეცემათ მაღალეფექტური შესაწამლი აპარატები, რომელთა მეშვეობითაც მოხდება აგროტექნიკური ღონისძიებების ფარგლებში რეკომენდებული წამლობის სამუშაოების მაღალ დონეზე ჩატარება.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ (GHGA) ფერმერების თხოვნით გასულ წელს ზუგდიდში შექმნა პირველი „ფერმერთა მომსახურების ცენტრი“, რომლის მომსახურებითაც სეზონზე 6000-მდე ფერმერმა ისარგებლა.


Print