რეგიონი
ბუდე - ზუგდიდში ახალი ჰოსტელი გაიხსნა (ფოტო, ვიდეო) ®️
ზუგდიდში, რუსთაველის 87 ა-ში, ეროვნული არქივის წინ ჰოსტელი „ბუდე“ გაიხსნა. მასპინძლების თქმით, ჰოსტელში მოსულ სტუმარს მყუდრო, სასიამოვნო და კომფორტული გარემო დახვდება. „ბუდეში“ ერთდროულად 21 სტუმრის მიღებაა შესაძლებელი.

ამ ეტაპზე აქ ორი თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ოთახია, 21 ლოგინითა და სველი წერტილებით.

„მოთხოვნებიდან გამომდინარე, გავითვალისწინეთ ბაზარზე ტურიზმის მატება და გავხსენით ჰოსტელი, რომელიც ერთდროულად 21 სტუმარს მოემსახურება. ეს იქნება კომფორტული და ყველა თაობისთვის მორგებული გარემო. ვაპირებთ ეზოში მოვაწყოთ სივრცე, სადაც მხატვარ-კერამიკოსი რობერტ აბსანძე მასტერკლასებს ჩაატარებს და აქ მოსულ სტუმრებს სხვადასხვა კერამიკული ნივთის ყიდვა და საკუთარი ხელით დამზადებაც შეეძლებათ. ასევე, გვსურს მოვაწყოთ უფასო კინოჩვენებები. ჩვენი ჰოსტელი გათვლილია როგორც ტურისტებზე, ასევე, ადგილობრივებზე. სტუმრებს ისე მივიღებთ, რომ თავი საკუთარ ბუდეში, საკუთარ სახლში იგრძნონ“, - ამბობს ჰოსტელის მფლობელი გვანცა აბსანძე.

„ბუდეში“ დამსვენებლებს კედელზე განთავსებული საქართველოს რუკა კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

ასევე, აქ მათ ქართველი ავტორების წიგნებიც შეეძლებათ წაიკითხონ. რაც შეეხება საძინებლებს, ორსართულიან ლოგინებს საკუთარი სანათები და ანტიალერგიული თეთრეული აქვს.

სასტუმროს გახსნაზე ადგილობრივმა მუსიკოსებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს. ღონისძიებაზე მოსულმა სტუმრებმა ჰოსტელის დათვალიერების შემდეგ თქვეს, რომ „ბუდე“ სიახლეებისა და ახალგაზრდული იდეების შერწყმაა.

„მოლოდინს გადააჭარაბა. ისეთი ადამიანები არიან გაერთიანებულები, რომლებიც სიახლეებს ეძებენ, ძალიან ბევრი შესაძლებლობაა აქ და პირველი სტუმრებიც აღფრთოვანებულები დარჩნენ. ყველაზე მეტად მომეწონა, რომ ყველაფერი სტუმარზეა მორგებული“, - თქვა „Green House“-ის მფლობელმა თიკა დიდიშვილმა.

„ეთნო სოფლის“ მფლობელი მარიკა თოდუა კი მიიჩნევს, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე ჰოსტელი ზუგდიდის იმიჯზე კარგ შთაბეჭდილებებს დატოვებს.

„ტურისტულად აქტიური ქალაქია ზუგდიდი, მოთხოვნაა კრეატიულ და ახალგაზრდული ტიპის ჰოსტელებზე და მიხარია, რადგან ნამდვილად განსხვავებული გარემოა“, - აღნიშნა მან.

ჰოსტელი და კაფე „არტ ჰაუსი“ ერთ სივრცეშია, რაც მოსულ სტუმრებს სარესტორნო მომსახურების სწრაფად და ფასდაკლებით მიღებას სთავაზობს. სტუმარი "ბუდეში" ერთი ღამის გათევას 20 ლარად შეძლებს.







Print