ახალი ამბები
ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო დაზარალებულ აბიტურიენტებს უგამოცდოდ ჩარიცხავენ
აბიტურიენტებმა, რომლებმაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ.სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, ვერ შეძლეს ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღება გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. ამის შესახებ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს განაცხადა. მინისტრის განმარტებით, აბიტურიენტები, მათთვის სასურველ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასურველ საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებზე შეძლებენ სწავლის გაგრძელებას.

"ეს შეეხება ყველა იმ აბიტურიენტს, ვინც გამოცდაზე დარეგისტრირდა და გამოხატა სურვილი, სწავლა გაეგრძელებინა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ სრულად ან ნაწილობრივ შეეზღუდა ეს უფლება, მიუხედავად მათი ამა თუ იმ გამოცდაზე მიღებული შედეგისა. სავალდებულოა, რომ ამ წესით ჩარიცხულმა სტუდენტებმა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისთვის, 2019-2020 სასწავლო წლის მანძილზე დააგროვონ სწავლების 240 კრედიტიდან მინიმუმ 60 კრედიტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ბათილად ჩაითვლება", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს მუშაობა 2020-2021 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების ჩარიცხვისა და დაფინანსების განსხვავებულ მექანიზმებზე იმისათვის, რომ ამ აბიტურიენტებს და სტუდენტებს უმაღლესი განათლების მიღება შეფერხების გარეშე შეეძლოთ.

ამავე თემაზე:

განათლების სამინისტროს განცხადებით, ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო აბიტურიენტებს პრობლემები არ შეექმნებათ

გალში მცხოვრებლებს ენგურის ხიდის გადაკვეთა აფხაზეთის მიმართულებით შეუძლიათ (ვიდეო)
Print