ახალი ამბები
„მინდა, რომ პოლიციამ ჩემი შვილი დაიცვას“ - მდუმარე აქცია ზუგდიდში
ზუგდიდში, სკეიტ პარკის მიმდებარედ სამოქალაქო აქტივისტებმა და მშობლებმა 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მდუმარე აქცია გამართეს. მშობლის ნათია ეხვაიას თქმით, პოლიცია არ შეიძლება იყოს ის სისტემა, სადაც ხდება გარკვეული ძალადობა.

„როგორც მშობელი და დედა თავს დაუცველად ვგრძნობ. პოლიცია ეს არ არის ის სისტემა, სადაც უნდა ხდებოდეს გარკვეული ძალადობა, მით უმეტეს როდესაც საქმე ეხება მოზარდს. მინდა, რომ პოლიციამ დაიცვას ჩემი შვილი და მინდა, რომ ჩემი შვილი პოლიციაში თავს დაცულად გრძნობდეს“, - თქვა ნათია ეხვაიამ.

აქციის მონაწილეები მოზარდის გარდაცვალების საქმის დროულ გამოძიებას მოითხოვენ. ამასთან ამბობენ, რომ ბავშვების მიმართ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს, როგორც ოჯახმა, ასევე სკოლამ.

„დამნაშავე ვართ ყველა ერთად. მე გამიჭირდება რომელიმე უწყების დადანაშაულება. მეტი ყურადღება გვმართებს ბავშვების მიმართ მშობლებს და სკოლას, ამ კუთხით სახელმწიფოსაც მეტი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს.მხოლოდ ლუკას არ ჰქონდა პრობლემა, ჩემს შვილსაც აქვს და მის თანატოლსაც. მინდა, რომ ეს ტრაგედია ბოლო იყოს და მსგავსი შემთხვევებისგან თავის არიდება შევძლოთ“, - ამბობს ნათია სახოკია.

სამოქალქო აქტივისტი ციცინო შენგელია მიიჩნევს, რომ 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სისტემის მსხვერპლია.

„დღეს ლუკა არის სისტემის მსხვერპლი, ისევე როგორც სხვა ახალგაზრდები, რომლებიც იღუპებიან იმის გამო, რომ ინსტიტუციები ვერ მუშაობენ სწორად და გამართულად. მე არ მინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთხელ მომიწიოს გამოსვლა მოზარდზე ძალადობის გამო, იმ სისტემის გამო რომელიც მას უნდა იცავდეს“, - აღნიშნა შენგელიამ.
თავდაპირველად მდუმარე აქცია პოლიციის შენობასთან იყო დაგეგმილი, თუმცა სამოქალქო აქტივისტები მშობლების მიერ დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის პოლიციასთან მდუმარე აქცია გაიმართება

ზუგდიდში მშობლები აქციას გამართავენ

საია შს მინისტრის გადადგომას მოითხოვს
Print