რეგიონი
ხაზარაძე: არარსებულ საქმეზე გამოძიება პირდაპირ ურტყამს ანაკლიის პორტის დაფინანსებას
„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ პროკურატურის მიერ ე.წ. „არარსებულ" საქმეზე დაჩქარებული გამოძიების დაწყება ხელს უშლის ანაკლიის პორტის დაფინანსებას. ეს მან ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, ის, ჯერჯერობით, დასკვნებს ვერ გააკეთებს.

„ბოლო ხუთი წელი მიმდინარეობს მოლაპარაკება საფინანსო ინსტიტუტებთან. რამდენიმე კვირის წინ დაასრულეს საერთაშორისო კომპანიებმა პროექტის ყველა ასპექტის შესწავლა, ჩვენ ველოდებით ფინანსურ დახურვას მაისი-ივნისის თვეში. ეს დაჩქარებული გამოძიება, რომელიც დაიწყო და ინფორმაციის გაჟონვა თითქოსდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის (თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.ავტ) შესახებ, პირდაპირ ურტყამს ამ ხელშეკრულებების გაფორმების პროცედურას... რომელი საფინანსო ინსტიტუტი მოაწერს ხელს იმ პირებთან, რომელთანაც პარალელურად იხსნება ე.წ. არარსებული საქმე. ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. ერთი მხრივ, სახელმწიფო მხარში გვიდგას, მეორე მხრივ კი, ერთ-ერთი სტრუქტურა აკეთებს ასეთ განცხადებას. ეროვნულმა ბანკმა ეს თქვა მაშინ, როცა სასამართლოც კი არაა დანიშნული“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

მან ასევე თქვა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი გეგმიდან არ ამოვარდნილა და პირველი გემის მიღება ისევ 2020 წელსაა დაგეგმილი, თუმცა დასძინა, რომ ეს იმ შემთხვევაში, თუ ამ ფაქტორებმა პროექტს ხელი არ შეუშალა.

„საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივას და ყველა დაინტერსებულ მხარს მოვუწოდებთ დროზე გაირკვეს სიტუაცია, დროზე დაიხუროს არარსებული საქმე, რომ მეც და ბადრიმაც ვაკეთოთ ჩვენი საქმე“, - თქვა ხაზარაძემ.

ეროვნული ბანკი "თიბისი ბანკისგან" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა. პროკურატურამ გამოძიება 194 მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტზე: ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა მწამს, რომ პროექტი შედგება

მამუკა ხაზარაძე: ეჭვი მაქვს, რომ ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანია ანაკლიის პორტს უკავშირდება

ბახტაძე: ცუდი სპეკულაციაა ანაკლიის პორტის დაკავშირება "თიბისი ბანკის" თემასთან

Print