ახალი ამბები
ნიკა მელია ზუგდიდზე: ხანდახან ხდება, აკეთებ ერთს და გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ზუგდიდში „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ და პარტიის წევრების მიერ პირბადეებისა და სადეზინფექციო ხსნარების დარიგების აქციას ეხმაურება. ის ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ორგანიზატორებმა მოქალაქეებს შორის დისტანცის დაცვა ხალხმრავლობის გამო ვერ მოხერხდა.

„ზუგდიდთან დაკავშირებით...

ხანდახან ხდება, აკეთებ ერთს და გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე.

სწორედ ეს მოხდა ზუგდიდში. გვინდოდა დამცავი პაკეტები (სადეზინფექციო ხსნარი, ხელთათმანები და პირბადეები) მიგვეწოდებინა ჩვენი მოქალაქეებისათვის, როგორც მივაწოდეთ სხვა რეგიონებში - რიგის, დისტანციის დაცვით.

ზუგდიდში კი, იმდენი ხალხი მოვიდა, სამწუხაროდ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. აღმოჩნდა იმიტომაც რომ სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ზუგდიდში პოლიცია არ გვეხმარებოდა დისტანციის რეგულირებაში.

როგორც კი საფრთხე გაანალიზდა დარიგება შეწყდა, მაგრამ ეს მაინც არ გვამართლებს. გათვლილი უნდა გვქონოდა ყველა დეტალი და პროცესის განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი.

ორგანიზატორები ნამდვილად არ ელოდნენ ამხელა ნაკადს.

ზუგდიდის ინციდენტმა აჩვენა ერთის მხრივ ორგანიზატორების მოუმზადებლობა და მეორეს მხრივ ის, თუ როგორ ჰყავს ხელისუფლებას დატოვებული მოქალაქეები პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების გარეშე, სახლში გამოხდილი არყით დეზინფექციისა და კაშნეებით დაცვის ამარა“, - წერს მელია.

ფონდი "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის"  და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარი და ხელთათმანები დაარიგეს. სამედიცინო აღჭურვილობის მისაღებად ადგილზე ათობით ადამიანი იყო შეკრებილი. მოქალქეებს შორის დისტანცია არ იყო დაცული, რადგან ყველა ცდილობდა ზემოაღნიშნული ნივთების მიღებას.
Print