ახალი ამბები
გალიდან გადმოყვანილი პაციენტის ანალიზის პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს ელოდებიან
ოკუპირებული გალიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილია. ანალიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ლალი დარახველიძემ უთხრა. მისი თქმით, 50 წლის ქალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკაში წუხელ მოათავსეს.

"წუხელ შემოყვანილი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ის მოსკოვიდან აფხაზეთში ჩამოვიდა და აფხაზეთიდან გადმოვიდა ჩვენთან. შემოყვანილია ცხელებისა და ხველის ჩივილებით. ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია ლაბორატორიაში, კვლევის მიზნით. პაციენტი არ აღნიშნავს ვინმესთან კონტაქტს. ორნი იყვნენ, ერთი გადაყვანილია სოხუმის საავადმყოფოში", - ამბობს ლალი დარახველიძე.

მისივე ინფორმაციით, ინფექციურში კიდევ ორი პაციენტი რჩება, მათ შორის ერთი 67 წლის მამაკაცია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
Print