რეგიონი
შსს-ს თანამშრომელმა ზუგდიდში ბინის მისაღებად 50 ათასამდე ლარი უნდა გადაიხადოს (ფოტო)
შსს-ს თანამშრომელმა, რომელსაც ზუგდიდში, ბენდელიანის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში ბინის მიღება სურს, 49 350 ლარი უნდა გადაიხადოს. აღნიშნული თანხა 77 კვადრატული ბინის საერთო ღირებულების 60 %-ია, დამარჩენ 40%-ს კი სახელმწიფო ფარავს. ამის შესახებ რადიო „ათინათის“ მიერ უწყებიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული. ამავე ინფორმაციით, საკუთარი ნაწილის გადახდა პოლიციელს პირადი სახსრებით ან იპოთეკური სესხით შეუძლია.

„პროექტის დასრულების შემდგომ, პროექტში მონაწილე ყველა თანამშრომელი მიიღებს 77 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე საცხოვრებელ ბინას ე.წ. „თეთრი კარკასის“ მდგომარეობით, შიდა და გარე პარკინგით და კორპუსის გამწვანებული გარე პერიმეტრით. ზუგდიდის პროექტის მონაწილე სამინისტროს თანამშრომელი საცხოვრებელ სახლში გადაიხდის - 49,350 ლარს. დაიწყო. პროექტში გამარჯვებულებს შესაძლებლობა აქვთ გადასახდელი თანხის სრულ ოდენობაზე გააკეთონ განაცხადი ნებისმიერ ბანკში“, - წერია უწყებიდან მირებულ ინფორმაციაში.

ჩვენ ასევე დავინტერესდით, რა კრიტერიუმებით შეირჩნენ პროექტის მონაწილე შსს-ს თანამშრომლები. უწყებაში განმარტავენ, რომ მათ შესარჩევად სპეციალური კომისია შედგა, რომელთაც კანდიდატებად სტრუქტურულ ერთეულებში მომუშავე პროფესიონალი მოსამსახურეები შეარჩიეს. საბოლოოდ კი, აღნიშნულ კანდიდატებს შორის გამარჯვებულები შემთხვევითი შერჩევის (დოლურის) პრინციპით გამოავლინეს.

„მიდგომა მაქსიმალურად გამორიცხავს შერჩევის პროცესში სუბიექტური მიდგომის ფაქტებს“, - აღნიშნეს შსს-ში.

ზუგდიდში სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის იანვარში დაიწყო. ადგილზე "ემ თი" ჯგუფის მშენებლობის ხელმძღვანელის ლევან ბიძინაშვილის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ორივე კორპუსში 88 საცხოვრებელი ბინა იქნება, ნულოვან და პირველ სართულებზე კი პარკინგი და პოლიციის განყოფილებები განთავსდება. ახლა მშენებლობაზე 13 ადგილობრივია დასაქმებული. სამუშაოები 2020 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

შსს-ს ინფორმაციით, 400 თანამშრომლისთვის საქართველოს 5 ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი) 10 საცხოვრებელი კორპუსი, მათ შორის, ორი ზუგდიდში აშენდება. ბენდელიანის ქუჩაზე ორი თერთმეტსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ღირებულება, დაახლოებით, 6 მილიონ 500 ათასამდე ლარია.
Print