რეგიონი
აფხაზეთის ომის ვეტერანი კიტოვანზე: კარგი საქმის კეთების უფლება ყველას აქვს
აფხაზეთის ომის ვეტერანი ნაური ჯიქია, რომელიც დღეს „რუსთავი 2“-ისა და ლგბტქი თემის მიერ მოწყობილი „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობდა, მიიჩნევს, რომ თენგიზ კიტოვანმა საკუთარი დანაშაულები უნდა მოინანიოს, თუმცა პროტესტის გამოხატვის უფლება აქვს. ასე უპასუხა მან რადიო „ათინათის“ კითხვას იმის შესახებ, რას ფიქრობს თენგიზ კიტოვანის საქართველოში ჩამოსვლაზე და რუსთავი 2-ის საწინააღმდეგო აქციაზე გამოჩენასთან დაკავშირებით.

„იმდენი ცუდი აქვს ჩადენილი, უნდა მოიხადოს ბოდიში და ეს სახალხოდ თქვას. მაგრამ ღმერთი ყველას აძლევს უფლებას, მოინანიონ და კარგი საქმის კეთების უფლება ყველას აქვს“, - გვითხრა აქციის მონაწილემ.

„რუსთავი 2“-თან მიმდინარე აქციაზე გუშინ თენგიზ კიტოვანი, როგორც თავად ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს უთხრა, დასაკვირვებლად მივიდა. კიტოვანი ინტერვიუში დასძენს, რომ „დაპირისპირება არ ვარგა“.

მისივე თქმით, ის საქართველოში მოქალაქეობის აღსადგენად ჩამოვიდა. ყოფილი თავდაცვის მინისტრის მტკიცებით, მან უკვე ყოფილ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა, უშედეგოდ.



Print