რეგიონი
სენაკში მეუფის სახლის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
სამართალდამცავებმა სენაკში მეუფე საბას სახლში მომხდარი ყაჩაღობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი -1957 წელს დაბადებული რ.გ.

ამავე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 8 აგვისტოს თანამზრახველებთან ერთად, სოფელ ძველ სენაკში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია, სახლში მყოფ პირებს იარაღის მუქარით მობილური ტელეფონებთან ერთად ფული გასტაცა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ყაჩაღური გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი, ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი პისტოლეტი, მჭიდი და 5 ცალი ვაზნა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

უწყებაში ამბობენ, რომ მომხდარ ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print