პოლიტიკა
დეპუტატების პოზიციები, სავარაუდოდ, ლაშა გოგიას მიერ მათ უცენზუროდ მოხსენიებაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ნაწილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული აუდიო-ჩანაწერის შესახებ, რომელშიც, სავარაუდოდ, ლაშა გოგია საკრებულოს უცენზუროდ მოიხსენიებს, შეფასებებს აკეთებს. ჩანაწერში საუბარია გულუას პარკზე, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს ზურაბ კვირკვიას უნდა გადასცემოდა. ამავე ჩანაწერში, ზუგდიდის უკვე ყოფილი მერი ამბობს, რომ საკითხი დეპუტატებმა მისი მოთხოვნით მიიღეს.

„გავაგრძელოთ გულუას თემა. აგერ არის თენგო... მაგაზე ერთი ამბავი ატყდა. ერთხელ საკრებულომ ჩაშალა, დედის ტ...კი მ....ნი მერე და მეორეჯერ გავიტანე“, - ისმის ჩანაწერში.

რადიო „ათინათი“ საკრებულოს თავმჯდომარესა და დეპუტატებს დაუკავშირდა და მათ აღნიშნული ჩანაწერის შესახებ პოზიციის დაფიქსირება სთხოვა. ჩვენ მათ ვკითხეთ, იყო თუ არა ზეწოლა ლაშა გოგიას მხრიდან რომელიმე გადაწყვეტილების მიღების დროს და როგორ შეაფასებდნენ საკრებულოსადმი მის დამოკიდებულებას.

„ქართული ოცნების“ წევრები მერის მხრიდან მათი მისამართით ყოველგვარ ზეწოლას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ მათ არცერთი გადაწყვეტილება ვინმეს მოთხოვნით, მით უმეტეს, ზეწოლის შედეგად არ მიუღიათ.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას თქმით, ის სამართლებრივ შეფასებას არ გააკეთებს და მხოლოდ ავთენტურობის დადგენის შემდეგ შეაფასებს სიტყვებს, რომელიც ჩანაწერში ისმის.

„არც მე და არც საკრებულოს არცერთი წევრი ზემოქმედების ქვეშ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას, მხოლოდ ობიექტური დასაბუთების საფუძველზე. ასეთი ფაქტი არ ყოფილა. ჯერ დადგინდეს მისი ავთენტურობა და მერე მოვახდენთ რეაგირებას, თუ რა განწყობა გვაქვს თითოეულ ჩვენგანს და მე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ წოწერიამ.

ამავე პოზციაზე არიან საკრებულოს წევრები უმრავლესობიდან ეკატერინე კიფაია და ფრაქციის თავმჯდომარე თამუნა ჯიქია. კიფაია ამბობს, რომ ჩანაწერში გაგონილი საკუთარ თავზე და საკრებულოზე არ მიუღია.

„არანაირი ზეწოლა და მოთხოვნა არ ყოფილა. ჩვენ არ ვართ ის საკრებულო და ის მთავრობა, რომელიც რაღაცას გავაკეთებთ ზეწოლით. გულუას პარკის თემა ჩვეულებრივი საკითხი იყო, რომელიც ჯერ დავიწუნეთ მერე გაასწორეს და თავიდან შემოვიდა. მე, როგორც საკრებულს წევრს, არ მიმიღია ჩემს პირად შეურაცხყოფად ეს გინება. მე ზუსტად არ ვიცი რა იყო, არის თუ არა ის კონტექსტიდან ამოღებული. ეს არაფერს ნიშნავს... არის ჩვეულებრივი დიალოგი და არც ოფიციალური შეხვედრა. არა მგონია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყოს“, - გვითხრა კიფაიამ.

თამუნა ჯიქია კი ჩანაწერის ავთენტურობაში ეჭვი ეპარება და ამბობს, რომ ლაშა გოგიას მხირდან მათზე არავითარი ზეწოლა არ ყოფილა.

„დანამდვილებით ვიცი, რომ ლაშა გოგიას მერობის პერიოდში საკრებულოზე ზეწოლა არ მოუხდენია. აღნიშნული ჩანაწერის ავთენტურობა კი ჯერ კიდევ დასადგენია“, - თქვა ჯიქიამ.

განსახვავებულად აფასებენ ჩანაწერის შინაარს ოპოზიციური ფრაქციების თავმჯდომარეები. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის ბათლომე შელიას მტკიცებით, საკრებულო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას არა მხოლოდ ლაშა გოგიას, არამედ სხვა მაღალი თანამდებობის პირების მოთხოვნის საფუძველზეც იღებდა. შელია იმედოვნებს, რომ დეპუტატები საკუთარ ღირსებას დაიცავენ.

„ამ ფარულმა ჩანაწერმა აჩვენა, თუ რა დამოკიდებულაც აქვთ მაღალჩინოსნებს საკუთარი გუნდის მიმართ. ვიღაც ბიზნესმეთან დედას აგინებენ საკუთარი გუნდის წევრებს, რომ არშემდგარი გარიგება რამენაირად გაამართლონ. ამის ფონზე კი ვისმენთ, რომ თურმე მალე დაამტკიცებს უდანაშუალობას. ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აქვთ მათ. იმედი მაქვს, საკრებულოს წერვები გააცნობიერებენ ხელისუფლების წარმომადგენლების დამოკიდებულებას მათ მიმართ და საკუთარ ღირსებას დაიცავენ“, - აღნიშნა ბათლომე შელიამ.

ფრაქცია „ენმ“-ის თავმჯდომარე ანა წითლიძემ კი გვითხრა, რომ პასუხისმგებლობა გოგიასთან ერთად საკრებულოს წევრებსაც უნდა დაეკისროს.

„საკრებულოს წევრები მერის მიერ ყველა შემოტანილ განცხადებას ბრმად აწერენ ხელს და კითხვები არ ჰქონდათ. მერი გადაყენეს, მაგრამ პარტიის თავმჯდომარედ დატოვეს. კორუმპირებულმა „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა კორუმპირებული მერი პარტიის თავმჯდომარედ. ჩვენ ვითხოვთ ობიექტურ გამოძიებას. ასევე, მოვითხოვთ ყოფილი გუბერნატორის, მერის და ვიცე-მერის დაკავებას. ამასთან პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს საკრებულოს წევრებს“, - თქვა წითლიძემ.

ჩვენ საკრებულოს რამდენიმე სხვა წევრთან დაკავშირებაც ვცადეთ, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები და მმართველი პარტიის წევრების ნაწილმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

ზუგდიდის მერის უფლებამოსილების შეჩერებაზე კი მუნიციპალიტეტის საკრებულო ხვალ, რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს.

ამავე თემაზე:

მამუკა წოწერია: გვჯერა, რომ ლაშა გოგია არის პროვოკაციის მსხვერპლი

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია -2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.