აქტუალური თემები
ძმის მიერ მოკლული მამაკაცი პროზექტურიდან საკუთარ სახლში გადაასვენეს (ვიდეო)
ზუგდიდში, ყოფილი სასტურმო „ოდიშის“ შენობაში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, წუხელ მოკლული 34 წლის მამაკაცი პროზექტურიდან გადაასვენეს.
სწორედ აქ ცხოვრობდა აფხაზეთიდან დევნილი პირი, რომელიც, შს სამინისტროს ინფორმაციით, საკუთარმა ძმამ ცივი იარაღით მოკლა. უწყება დანაშაულის მოტივად წარსულში უთანხმოების ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებას ასახელებს, თუმცა ოჯახის ახლობლები ჟურნალისტებთან მომხდარის დეტალებზე ვერ საუბრობენ.

„შეხლა-შემოხლა მოუვიდათო, თქვეს, მაგრამ რა მოხდა არ ვიცით. მანამდე კონფლიქტის შესახებაც არაფერი გამიგია. მშობლები აფხაზეთში ცხოვრობენ, თვითონ გერმანიაში მუშაობდა“, - ამბობს ბიძა ვახტანგ წურწუმია.
მისივე თქმით, ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ერთ-ერთ სოფელში აიყვანეს.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ საავამდყოფოში მიყვანისას მამაკაცი, რომელსაც გულ-მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, უკვე გარდაცვლილი იყო.

შემთხვევა წუხელ ზუგდიდში, ე.წ. ახალ სასაფლაოზე მოხდა.
დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. შს ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
Print