სპორტი
კლუბ "ზუგდიდის" 51 % უკრაინელმა ინვესტორმა იყიდა
ოცდღიანი მოლაპარაკება დასრულდა და აუქციონის წესით ს.კ. „ზუგდიდი“-ს 51% პაკეტის მფლობელი უკრაინელი სპონსორები გახდნენ, ხოლო 49%-ს ჩვეულებრივად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია განაგებს.

სპონსორებთან მიმართებაში ოფიციალური საკითხების მოგვარება დასრულდა და მხოლოდ ფორმალური მხარე დარჩა. ამასობაში გუნდში საკადრო ცვლილებებიც განხორციელდა.

ს.კ. „ზუგდიდი“-ს მთავარი მწვრთნელის მოვალეობას, უკრაინელი ვიქტორ დოგადაილო შეასრულებს, რომელსაც სხვადასხვა წლებში სანაკრებო და საკლუბო დონეზე უმუშავია. იგი 1994-97 და 1998-99 წლებში იყო უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, 1997-2001 წლებში უკრაინის ასაკობრივი ნაკრებების (U-16 U-19) მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, 2001-2003 წლებში დონეცკის „შახტარი“-ს სპორტულ-ანალიტიკური ჯგუფი ხელმძღვანელი, 2004-2005 წლებში კი ამავე კლუბის, სპორტული დირექტორის მოადგილე, 2005-2007 წლებში ოდესის „ჩერნომორეცი“-ს მწვრთნელის და შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტზეც უმუშავია, ბოლოს კი დოგადაილო, მოლდოვური „ზარია“ ბელცის მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.

სამწვრთნელო შტაბში იმუშავებენ, ლევან მიქაძე, მამუკა ჭაჭუა და მუხრან ქარჩავა (მეკარეების მწვრთნელი).

რაც შეეხება ოთარ გაბელიას - კლუბის ხელმძღვანელობამ მას, ს.კ. „ზუგდიდი“-ს სპორტული დირექტორის თანამდებობა შესთავაზა.

ამ ეტაპისთვის გუნდი ერთადერთმა ფეხბურთელმა გიორგი ჭანკოტაძემ კლუბთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. გუნდი კი აგრძელებს მზადებას და რუხის ბაზაზე ვარჯიშობს.

Print