დღის ფოტო
ფრაზა ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ლექსიდან - სტენსილი ზუგდიდში
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში სტენსილი დღეს დილიდან გამოჩნდა. კედელზე წითლად ოკუპირებულ გალში ამ დრომდე გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული ირაკლი კვარაცხელიას მიერ დაწერილი ლექსიდან ფრაზას ვკითხულობთ.

მის ქვეშ კი ავტორი, რომლის ვინაობა უცნობია, წერს: "არ შეეგუო ოკუპაციას".

ოკუპირებულ აფხაზეთში 11 მარტს, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 28 წლის ირაკლი კვარაცხელია 17 მარტს ძმათა სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერსიით, საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა. ამ ვერსიის არ სჯერათ გარდაცვლილის ახლობლებს და ამბობენ, რომ მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. ქვეყნის ოფიციალურ უწყებებში კი აცხადებენ, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა დაიდება.




Print