აქტუალური თემები
ხმაური და დაპირისპირება გაერთიანებულ ოპოზიციას, სამართალდამცავებსა და დაპუტატებს შორის (ვიდეო)
ზუგდიდში, საკრებულოს შენობის მიმდებარედ და შენობის შიგნით დღეს სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს, საკრებულოს დეპუტატებსა და სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელს შორის  დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

ხმაური საკრებულოს შენობასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც მედიის ნაწილი ფრაქცია ენმ-ის წევრებთან ერთად შენობაში შეუშვეს, ჟურნალისტების ნაწილი კი შესვლას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ ახერხებდა. მოგვიანებით, შენობაში პარლამენტის წევრები ნიკა მელია და თინათინ ბოკუჩავა შევიდნენ. საბოლოოდ, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შესვლა მედიამ მოახერხა, ნიკა მელიამ კი კანცელარიაში დაარეგისტრირა განცხადება საკრებულოს წევრის გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებისთვის საგანგებო სხდომის დანიშვნის მოთხოვნით.

კანცელარიში ნიკა მელიამ სამხარეო პოლიციის უფროსს მიმართა და ჰკითხა, რას აკეთებდა აღნიშნულ ოთახში, რაზეც ნიკოლოზ დიასამიძემ უპასუხა, რომ ადგილზე იყო, რათა მელიას არ ეძალადა.

დაპირისპირება გარეთაც გაგრძელდა. თუმცა, სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ტერიტორია დატოვეს.

გაერთიანებული ოპოზიციის მტკიცებით, სიტუაციას განგებ ძაბავს ხელისუფლება, თავის მხრივ კი, საკრებულოს დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციას პროვოკაციებში ადანაშაულებს.

ოპოზიციის თქმით, მათ მხოლოდ ის უნდოდათ, რომ შენობაში მედია შეეშვათ. ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით კი, შენობაში შესვლა მხოლოდ იმიტომ შეფერხდა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსთან ბევრი ხალხი იყო.

Print