ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
ბაღჩოვანი კულტურები აფხაზეთში - პრობლემები და პერსპექტივები (ფოტო)
წელს გულრიფშისა და ოჩამჩირის რაიონებში 2 000 ტონამდე საზამთროსა და ნესვის მოსავალს ელოდებიან.  ბაღჩოვანი კულტურები მოჰყავთ სოფლებში კინდღი, ბესლახუბა, ფოკვეში და აძუბჟა. გემოვნური თვისებების გამო, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნით, აძუბჟაში მოყვანილი საზამთრო სარგებლობს. ბაღჩებთან ერთად აქ სათბურებიცაა მოწყობილი.

მეურნეობის მთავარი აგრონომის იური ბარანენკოს თქმით, მოსავლის 80% - ზე  მეტს ჰოლანდიური ჯიში წარმოადგენს.  

"შარშანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ წელს გათვლა გავაკეთეთ "კრიმსონ სვითის" ჯიშზე. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღება გვსურს, ქიმიური პრეპარატების მინიმალურად გამოყენებით", - ამბობს აგრონომი.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის რამდენიმე სოფელში სოფლის მეურნეობის ამ მიმართულების განვითარებას ცდილობენ, ადგილობრივი მეწარმეები მოსავლის რეალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემებს აწყდებიან. პირველ რიგში, მათი ინფორმაციით, წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე უშუალოდ მომხმარებელთან კი არ მიდის, არამედ, გადამყიდველებს მიაქვთ პირდაპირ ბაღჩებიდან. გარდა ამისა, ისინი, ხშირად მდარე ხარისხის იმპორტირებულ საქონელს, ადგილობრივად ასაღებენ. ფერმერების თქმით, შიდა ბაზარი, ისედაც ძალიან მცირეა, სახელმწიფო კი ვერ არეგულირებს ამ პრობლემას და არ იცავს ადგილობრივი მწარმოებლების ინტერესებს. ისინი თვლიან, რომ ადგილობრივი პროდუქციის მარკირება უნდა დაიწყოს.   

"ვერავისაც ვერ მიმართავ, არავინაა, ვინც ამას დაარეგულირებს, ვინც ამაზე  უნდა იფიქროს.ფერმერებმაც არ იციან ბოლომდე, როგორ უნდა მოიქცნენ და როგორ იმუშაონ, არ არის დალაგებული მუშაობა, რაც უნდა გვქონდეს", - ამბობს ფერმერი გარიკ კოკაია.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც ფერმერები საუბრობენ, პროდუქციის ექსპორტია. რუსეთში მის გატანა ისინი სასოფლო - სამეურნეო პროდუქციაზე დაწესებული მაღალი საექსპორტო გადასახადის გამო ვერ ახერხებენ. გარდა ამისა, მათივე თქმით, რუსეთში დიდი რაოდენობით შედის იმპორტირებული საზამთრო და ნესვი თურქეთიდან და საბერძნეთიდან, შესაბამისად, ამ ბაზარზე დამკვიდრება რთულია. ამ მიზეზების გამო შარშანდელი მოსავლის დიდი ნაწილი ადგილზე გაფუჭდა ან ნადირმა, ძირითადად, ტურამ გაანადგურა. მეწარმეები შიშობენ, რომ ადგილობრივ პროდუქციის სრულად გასაღებას ვერც წელს შეძლებენ.მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print