ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
არჩევნები - შედეგები და შეფასებები (ფოტო)
გასულ კვირას აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. საკურორტო სეზონის დროს, 25 აგვისტოს, არჩვენების ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ, რომელიც ზაფხულის დასაწყისში საპროტესტო აქციებს მართავდა, კომპრომისს მიაღწიეს.  

ბიულეტენებში 9 კანდიდატი იყო მითითებული, თუმცა, ვერც ერთმა მათგანმა ამომრჩევლების ხმათა 50% - ზე მეტი ვერ დააგროვა. შესაბამისად, ორი კვირის შემდეგ, არჩევნები მეორე ტური გაიმართება.

არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, ხმათა ყველაზე დიდი რაოდენობა მოქმედმა პრეზიდენტმა - რაულ ხაჯიმბამ (24%) და ოპოზიციური პარტია "ამცახარას" ლიდერმა ალხას კვიცინიამ (22%) დააგროვეს.

რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ის არ აპირებს თავის პროგრამაში ცვლილებების შეტანას, რადგან თვლის, რომ ის აფხაზეთის განვითარებისკენ არის მიმართული,

"ამ პროცესების მიმართ ჩვენი პოზიცია უკვე დავაფიქსირეთ. ჩვენ დასახული გვაქვს სამომავლო ნაბიჯები და ეს ქმედებები პოზიტიურად უნდა აისახოს ჩვენს სახელმწიფოზე", - თქვა მან

ხაჯიმბამ ასევე აღნიშნა, რომ არჩევნები დარღვევების გარეშე ჩატარდა, რითაც "აფხაზეთმა უჩვენა მსოფლიოს, რომ ამის გაკეთება შეუძლია".

აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლებიც აკვირდებოდნენ. მათი განცხადებით, საარჩევნო უბნებზე დარღვევები არ დაფიქსირებულა.

"იმ  ოლქებში, სადაც ჩვენ ვაწარმოებდით მონიტორინგს, არჩევნები დემოკრატიულად, თავისუფლად და ზეწოლის გარეშე ჩატარდა. ვითარება იყო მშვიდი და ამომრჩევლები - კეთილგანწყობილი. რაიმე ტიპის დარღვევები არ დაგვიფიქსირებია", - თქვა გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა შტეფან კოიტერმა.  

იგივე აზრი გამოთქვა მისმა კოლეგამ გუნერ ლინდემანმა, რომელიც არჩევნებს აგუძერაში აკვირდებოდა. მისი თქმით ათივე უბანზე პროცესები ევროპული სტანდარტების დაცვით წარიმართა.

არჩევნებზე მოსული მოქალაქეების ნაწილი, იმედს გამოთქვამდა, რომ ახალი პრეზიდენტის მოსვლით, სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება, ნაწილი კი პესიმისტურად იყო განწყობილი.

- არ ვიცი, როგორ გავლენას მოახდენენ ისინი ვითარებაზე, ხომ ხედავთ, როგორც იყო მოუწესრიგებელი აქაურობა, ასევე დარჩება. რა თქმა უნდა, მინდა რომ გაუმჯობესდეს სიტუაცია, თუმცა, რა შეიცვალა ამ ხუთი წლის განმავლობაში?

- იმედით ვუყურებ მომავალს, და ვფიქრობ, ის უფრო ნათელი იქნება.

- ჯერჯერობით გამოსავალს ვერ ვხედავ და არც ველოდები. თუმცა, იმედი მაინც მაქვს.

- მსურს, რომ აფხაზეთში მუშაობდეს კანონი და წესრიგი და ყველა მოქალაქე თანაბარი იყო ხელისუფლებისთვის.

- მე არ დავასახელებ, ვის მივეცი ხმა, თუმცა იმედი მაქვს, რომ ძვრები იქნება.

- რა თქმა უნდა, ქვეყანაში წესრიგის დამყარების იმედი მაქვს, ყველგან, ქუჩაში, გზებზე , ოჯახებში.


აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთ კანდიდატს ვერ აირჩევენ, საარჩევნო კომისია განმეორებით არჩევნებს დანიშნავს.
Print