ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
სოხუმში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამები ამოქმედდა
მიმდინარე წლის დასაწყისში აფხაზეთში ამოქმედდა 2  პროგრამა, რომლის მიზანია, მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების ბინით უზრუნველყოფა.

შრომის, დასაქმების და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს სამართლებრივი განყოფილების უფროსის რომეო ჩერქეზიას თქმით, ჯერჯერობით რთულია გაკეთდეს პროგნოზი, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება ეს პროგრამები, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ყველაფერი დაფინანსების მოცულობაზეა დამოკიდებული.  

"პირველი 9 თვის განმავლობაში გარკვეული დადებითი დინამიკაა, რადგან მანამდე მსგავსი პროგრამა არ არსებობდა. იყო ცალკეული მომენტები, როდესაც მოქალაქეებს გადასცემდნენ   საცხოვრებელ ფართებს ან ფინანსურ დახმარებას უწევდნენ, თუმცა, სამიზნე პროგრამები არ ყოფილა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უკვე 12 - მა ოჯახმა შეიძინა ბინა", - ამბობს უწყების წარმომადგენელი.  

"აფხაზეთის რესპუბლიკის ცალკეული კატეგორიის მოქალაქეთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პროგრამის" პირობების თანახმად, მასში ჩართვა შეუძლია I ჯგუფის ინვალიდებს, 1992 – 93 წლების სამხედრო კონფლიქტის მონაწილეებს, ასევე, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპულთა, უგზო - უკვალოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებს და სხვა კატეგორიის მოქალაქეებს.  პროგრამა სამ წელზეა გათვლილი. მისი ბიუჯეტი ყოველწლიურად 10 მილიონი რუბლი იქნება. განმცხადებელზე დაახლოებით 500 ათასი  რუბლი გაიცემა, ხოლო ოჯახის დანარჩენ წევრებზე  - 100 – 100  ათასი.

მეორე პროგრამის, "საცხოვრებელი  2021" ფარგლებში მოქალაქეებზე გაიცემა სესხი საცხოვრებელი ფართის შესაძენად, რომლის ყოველთვიური დასაფარი თანხა საარსებო მინიმუმს არ უნდა აღემატებოდეს, რაც დაახლოებით 7 ათას რუბლი ან 100 დოლარია. გარდა ამისა, თუ ამ პერიოდში ოჯახში გაჩნდა ბავშვი, სახელმწიფოსთვის დასაბრუნებელი თანხა 10% - ით მცირდება. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა ასევე სამ წელზეა გათვლილი. მისი ბიუჯეტი 30 მილიონი რუბლია და ამ დრომდე 42 განაცხადი შევიდა განსახილველად. კომისიამ უკვე შეარჩია 4 ოჯახი, რომელიც ბინას შეიძენს. დანარჩენები თანხას წლის ბოლომდე მიიღებენ.  

ჩერქეზიას თქმით, იმის გამო, რომ სამინისტრო შეზღუდულია დაფინანსების თვალსაზრისით, ისინი ვერ უწევენ დახმარებას ყველა განმცხადებელს.  მისივე განმარტებით, მიმდინარე წელს მხოლოდ 54 ოჯახის განაცხადი განიხილეს. მან აღნიშნა, რომ მანამდე, არავი სჯეროდა რომ მსგავსი პროგრამები განხორციელდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში, მის ამოქმედებასთან ერთად, იმ ოჯახების რიცხვმა, რომელსაც მასში ჩართვა სურს, მნიშვნელოვნად იმატა.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print