ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
აფხაზური ენა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის (ფოტო)
სოხუმში სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის აფხაზური ენის შემსწავლელი კრებული გამოსცეს. დამხმარე სახელმძღვანელო აფხაზური ენის პოლიტიკის სახელმწიფო კომიტეტის დაკვეთით, ბავშვთა განვითარებისა და განათლების ცენტრის "ჰარმონია" პედაგოგ - ფსიქოლოგებმა ვიქტორია არძინბამ და საიდა ჯინჯოლიამ შეადგინეს.

წიგნის ავტორებმა პროგრამა სათამაშოების თემატიკაზე ააგეს. მასში მოცემული მასალის საშუალებით ბავშვი 3000 - მდე ახალი სიტყვის შესწავლას შეძლებს. კრებული, რომელსაც ილუსტრირებული ბარათები ერთვის, ალბომის სახით გამოიცემა.

საკუთარ მეთოდიკა შეიმუშავა და პრაქტიკაში ნერგავს სოხუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგი სვეტლანა ცვეიბაც. მისი თქმით, ეს პროგრამა ძირითადად სასაუბრო ენის განვითარებისკენ არის მიმართული.

"არიან ბავშვები, ვისაც ესმის, თუმცა ჯერ არ საუბრობენ აფხაზურად. ზოგიერთი საუბრობს, თუმცა, არც ისე კარგად. მოდიან სხვადასხვა დონის ბავშვები. განსაკუთრებით ბევრი ზაფხულობით გვყავს ხოლმე. ენის ცოდნის გარეშე შეუძლებელია ეთნიკური იდენტობის ჩამოყალიბება. აუცილებლად საჭიროა მშობლიური ენის ცოდნა",- ამბობს ცვეიბა.

პატარები სიტყვების შესწავლას, როგორც საბავშვო ბაღის მასწავლებლების, ასევე, მშობლების დახმარებითაც შეძლებენ. სახალისო მეცადინეობებზე, რომლებიც თამაშის ფორმით მიმდინარეობას, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისვლა. 

"უკვე ნახევარი წელია, რაც აქ ვმეცადინეობთ. უკვე ბევრი რამის გაგება შეუძლია აფხაზურად. მერე სკოლაშიც წავა, გამოცდებიც იქნება, მით უმეტეს, მან უნდა იცოდეს მშობლიური ენა", - ამბობს ედიკის დედა, რომლის შვილი მომავალ წელს პირველკლასელი გახდება.

აფხაზეთის ენობრივი პოლიტიკის სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, რესპუბლიკა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის აფხაზური ენის შემსწავლელი მეთოდური სახელმძღვანელოების ნაკლებობას განიცდის. თუმცა, მსგავსი კრებულების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან მწირი თანხებია გამოყოფილი. შესაბამისად, მსგავსი წიგნების შემქმნელები, იმ კერძო ორგანიზაციების ან პირების იმედად არიან, ვინც აფხაზური ენის მომავალზე ზრუნავს.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print