ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
სასმელი წყლის მონიტორინგი აფხაზეთში
18 სექტემბერს, წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღეს, სოხუმში მოქმედ წყლის ხარისხის ლაბორატორიაში ტრადიციულად წყლის სინჯის აღებით აღნიშნავენ.
ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მურმან სოლომკოს თქმით, აფხაზეთში წყლის ხარისხს ადგილზე მოქმედი ლაბორატორია რეგულარულად ამოწმებს.

"ჩვენ მდინარეების, ტბების მონიტორინგს ვაწარმოებთ. ყველა ობიექტიდან, სადაც კი გავდივართ, წყლის სინჯები მოგვაქვს. მტკნარი წყლის პრობლემა აფხაზეთში არ არსებობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსი უნდა დავზოგოთ", - ამბობს სპეციალისტი.

სასმელი წყლის ჰიდროქიმიურ შემადგენლობას ლაბორატორიაში იკვლევენ. ლაბორატორიის წარმომადგენლის, ოლგა პუსტოვაროვას მტკიცებით, აფხაზეთში სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება სტანდარტებს.

"რაც შეეხება ზედაპირულ წყლებს, ძალიან კარგი, სუფთა წყალი გვაქვს, რადგან ჩვენ პრაქტიკულად არ გვაქვს სამრეწველო ობიექტები, სასუქსაც დიდი რაოდენობით არ ვიყენებთ. ჩვენი ფუნქციონერების პერიოდში ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა, როდესაც წყალში ტოქსიკური ელემენტების კონცენტრაცია ნორმებს აჭარბებდა", - ამბობს სპეციალისტი.

მისი თქმით, სასმელი წყლის გარდა, ისინი ნალექებსაც იკვლევენ, რაც მნიშვნელოვანია იმის გასარკვევად, თუ რამდენად იცვლება წყლის შემადგენლობა ნალექების შედეგად.

"შესაბამისი კვლევები ეკოლოგიის სახელმწიფო კომიტეტმა გაზაფხულზე, ტურისტული სეზონის დაწყებამდე და მის პიკზე, აგვიტოს ბოლოს ჩაატარა. რაც შეეხება ჰიდროქიმიას, წყლის შემადგენლობაში, პრაქტიკულად, არანაირი ცვლილებები არ არის და მისი ხარისხი არ გაუარესებულა", - ამბობს ლაბორანტი.

სოხუმის ერთ - ერთ სატუმბ სადგურზე წყლის სინჯის აღებისა და მისი სანიტარული დამუშავების პროცესზე წყალკანალის მთავარი ინჟინერი მერაბ ანქვაბი ყვება.

"ამ ჭაბურღილის სიღრმე 35 მეტრია. ასეთი ჭაბურღილებიდან წყალი სატუმბი სადგურის რეზერვუარებს მიეწოდება. დღესდღეობით, ამ სატუმბ სადგურში 21 ასეთი ჭაბურღილია. ქლორირება ინჟექტორული მეთოდით ხდება. ყოველდღიურად ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ვიღებთ წყლის სინჯებს და ვიკვლევთ ქლორის შემადგენლობას", - ამბობს ანქვაბი.

აღსანიშნავია, რომ "სუფთა წყლის ამერიკულმა ფონდმა" წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღე 2003 წლის 18 სექტემბერს დააარსა. რაც მიზნად ისახავს წყლის რესურსების დაბინძურების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას და მათი ჩართულობის გაზრდას.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.


Print