ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
აღდგენილი საცურაო აუზი სოხუმში - წყლის სპორტის სახეობების განვითარების პერსპექტივა (ფოტო)
სოხუმში საცურაო აუზის აღდგენა დაიწყო. ქალაქის ადმინისტრაციამ ობიექტი კომპანია „აკვასტროინვესტს“ ჯერ კიდევ 2008 წელს გადასცა, იმ პირობით, რომ სამშენებლო სამუშაოები 2011 წელს დასრულდებოდა. თუმცა, ამ დრომდე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ კლუბ - რესტორანი „დემი“ მოქმედებს, რომელიც ობიექტის ინფრასტრუქტურის ნაწილია.   

კომპანიის დირექტორის ომარ სანგულიას თქმით, ამ დროის განმავლობაში აღდგენითი - სარემონტო სამუშაოები არ შეწყვეტილა.

„ჩვენ ვგეგმავდით მიმდინარე წლის ბოლოს დაგვესრულებინა სამუშაოები. თუმცა, ექსპერტიზის შემდეგ, ქალაქის ადმინისტრაციას 3 თვით ვთხოვეთ გადავადება. ვფიქრობ, მარტის პირველი რიცხვებისთვის გაიხსნება აუზი“,- თქვა მან.

აუზზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ სოხუმის ახლად დანიშნულმა მერმა კან კვარჩიამ განაცხადა, რომ ახალ სეზონს ქალაქი აღდგენილი აუზით შეხვდება.

„პირმა, რომელმაც ჩაიბარა ობიექტი, უნდა უზრუნველყოს მისი მოვლა და აუზის შენახვის ყველა ხარჯი აიღოს საკუთარ თავზე, გარდა ამისა, ქირავნობის გადასახადებიც სპორტის კომიტეტში გადაირიცხება“, - ამბობს კვარჩია.

მისი თქმით, სადრენაჟო სამუშაოები უკვე დასრულებულია, ამ ეტაპზე აუზის მოპირკეთება მიმდინარეობს.

ტრიათლონში ყველაზე პრესტიჟული "IronMan-ის" სტატუსის მფლობელი აფხაზი სპორტსმენი ბორის ბარციცი თვლის, რომ წყლის სპორტის სახეობებს აფხაზეთში დიდი პოტენციალი აქვს.

„ჩვენი ფედერაციის ბაზაზე შეიქმნება ცურვის წრეები, რომლებიც არა მარტო სპორტული უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ იმ ადამიანებს დაეხმარება, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ცურვა აუცილებლად სჭირდება“, - თვლის ბარციცი.

მან აღნიშნა, რომ ცურვა ასევე შევა სპორტის სხვადასხვა სახეობით დაკავებული სპორტსმენების მომზადების გეგმაში.

მან გაიხსენა, რომ ომამდე სოხუმში ძალიან პოპულარული იყო წყალბურთი. არსებობდა გუნდები, რომლებიც რესპუბლიკურ შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ. მისივე ინფორმაციით, აუზი ორ ნაწილად გაიყოფა. 50 მეტრიან ბილიკებზე სპორტსმენები ივარჯიშებენ, ხოლო 25 მეტრიანზე ყველა დანარჩენი, ვინც აუზზე ივლის.

სოხუმის აუზის აღდგენაზე 20 მილიონ რუბლამდე დაიხარჯება.

1992 წლამდე  აფხაზეთში 2 სპორტული აუზი იყო, სოხუმსა და ტყვარჩელში, რომლებიც 1992 – 93 წლების კონფლიქტის შედეგად განადგურდა.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print