ახალი ამბები
ზუგდიდში გუბერნიისა და პოლიციის შენობებთან "ამ ცხოვრების დედაც" მიაწერეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის, ზუგდიდის და სამხარეო პოლიციის შენობასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა "ამ ცხოვრების დედაც", "პატარა ბარბარემ წერა არ იცოდა" დააწერეს. მათი თქმით, 15 წლის ლუკა სირაძე ამ სისტემას შეეწირა. ენმ-ს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის დარიკო არქანიას თქმით, ისინი ყველაფერს იზამენ იმისთვის, რომ ეს ბოლო შემთხვევა იყოს.

"ლუკა იყო 15 წლის მოზარდი, რომელსაც ჰქონდა შინაგანი პროტესტი, რომელმაც ამ ფორმით გამოხატა პროტესტი, სკოლის კედლებზე მიაწერა "ამ ცხოვრების დედაც". იმის ნაცვალად რომ გულთან ახლოს მიეტანათ მისი პრობლემა სკოლას და დირექტორს, ჩააბარეს პოლიციას. ძალადობით, დაშინებით და შანტაჟით ბავშვი იმ დონეზე მიიყვანეს, რომ ვნახეთ რა შედეგიც დადგა. ჩვენ ახალგაზრდები ყველანაირად შევეცდებით, რომ ეს იყოს ბოლო და მეტი არ განმეორდეს. სისტემა ყარს და ჩვენ შევეცდებით, რომ ეს სისტემა შევცვალოთ. აქ ორი წარწერა გავაკეთეთ, ერთი ამ "ცხოვრების დედაც" და მეორე "პატარა ბარაბარე რაფალიანცმა წერა არ იცოდა" ეს ხელისუფლება, რომ მოვიდა შეიწირეს ბარბარე რაფალიანცი. ამ წარწერებით ავაჭრელებთ ქალაქს, რომ გაიგონ ჩვენი ხმა, რომ ეს იყოს ბოლო ეს მოზარდი, რომელიც შეიწირა ამ მყრალმა სისტემამ. პოლიცია უნდა მოეგოს გონს. დასაკარგი ახალგაზრდები არ ჰყავს ჩვენს ქვეყანას", - ამბობს ენმ-ს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი დარიკო არქანია.

ენმ- ს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს სამხარეო ადმინისტრაციასთან წარწერის გაკეთების საშუალებას დაცვის პოლიცია არ აძლევდა, თუმცა აქტივისტებმა ეს მაინც მოახერხეს.
Print