ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
აჟირნიხუა - სამჭედლოს ღვთაების დღესასწაული
აჟირნიხუა ერთ - ერთი უძველესი ტრადიციული დღესასწაულია, რომელსაც აფხაზეთში საუკუნეების მანძილზე აღნიშნავდნენ. როგორც მკვლევარები ყვებიან, მისი ისტორია ბრინჯაოს და სპილენძის ხანიდან მოდის და ოდესღაც სამჭედლო საქმესთან, მეტალურგიასა და მათთან დაკავშირებულ რელიგიურ კულტებთან და ადათებთან იყო დაკავშირებული. ღვთაება შაშვ, სწორედ მჭედლების მფარველად ითვლებოდა.
აფხაზი კულტუროლოგი ცირა გაბუნია იხსენებს, რომ საახალწლო დღესასწაულებს შორის, აჟირნიხუა, ერთ - ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მოსახლეობისთვის.
"ყოველთვის დიდი სიყვარულით სარგებლობდა ეს დღესასწაული ხალხში. ადრეც, საბჭოთა იდეოლოგიის მიუხედავად, მაინც აღნიშნავდა ხალხი მას... მე ვიწერდი სახალხო მთქმელებისგან ამ ტრადიციებს. როგორც ისინი ყვებოდნენ,  ლოცვა მზის ჩასვლამდე უნდა აღევლინათ, მთვარის ამოსვლამდე, 12 საათამდე აუცილებლად.... ყველა მისდევდა ამ ტრადიციას, აი, მამაჩემი კომუნისტი იყო და ჩუმად მიდიოდნენ ხოლმე სალოცავად, უფრო გვიან, თითქმის ყველა ასრულდება ამ რიტუალს … დღემდე გრძელდება ეს ტრადიცია" , - ამბობს ის.  

აფხაზი ეთნოლოგის ვალერი ბიგვავას თქმით, აჟირნიხუას მზის ჩასვლისას ატარებენ, როდესაც მთელი ოჯახი, დიასახლისის და ოჯახის რძლების გარდა, მიდიან სამჭედლოსკენ. ოჯახის უფროსი წევრი წარმოთქვამს ლოცვას და მიმართავს ღვთაებას. მანამდე კი მთელი ოჯახი ემზადება ტრადიციული რიტუალისთვის. აფხაზებს ოდითგანვე სჯეროდათ სამჭედლოს მაგიური ძალის, გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახურ მეურნეობაში და ნადირობისას გამოსაყენებელი საგნები, სწორედ სამჭედლოში მზადდებოდა.
სამჭედლოდან დაბრუნების შემდეგ მთელი ოჯახი იკრიბება სადღესასწაულო სუფრასთან. აჟირნიხუას მეორე დღეს, აფხაზები ერთმანეთს სტუმრობენ.

"აჟირნიხუა საახალწლო დღესასწაულების განუყოფელი ნაწილია. 13 იანვარს იწყება, უფრო ზუსტად, სიბნელის დადგომისთანავე, როდესაც ღვთაება ჯერ კიდევ თავის სახლშია. ახლა სამჭედლოც ფაქტიურად უფუნქციოა  და ის მხოლოდ საკრალური სიმბოლოა, რომელიც ყოველ წელს აჟირნიხუასთან არის დაკავშირებული" , - განმარტავს ვალერი ბიგვავა.

ეთნოლოგი ყვება, რომ სამჭედლოები აფხაზეთში ფაქტიურად არ დარჩა, მხოლოდ ნაგებობის ნაწილი და გარკვეული ატრიბუტები შემორჩა ზოგან.

მისი თქმით, ჩვეულებრივ, სამჭედლო სახლიდან მოშორებით, ბუნების წიაღში იყო განლაგებული. ამას, როგორც პრაქტიკული, ასევე რელიგიური დანიშნულება ჰქონდა, რადგან ეს ადგილი უმაღლესი ღვთაების კულტთან იყო დაკავშირებული.

დღესდღეობით, 14 იანვარი კალენდარში ოფიციალურად აღინიშნება, როგორც დღესასწაული, უქმე დღე  - აჟირნიხუა.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print