ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
პოეზიის საღამო სოხუმში
აფხაზეთის პაპასკირის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა პოეტური საღამო სახელწოდებით "ჩემში პოეზია იღვიძებს". სოხუმის სკოლებისა და აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა პოეტებმა საკუთარი შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. ასევე, მონაწილეებმა ილაპარაკეს იმაზე, თუ რას ნიშნავს მათთვის შემოქმედება.

საღამოს ორგანიზების იდეა ბიბლიოთეკის მთავარ მეთოდოლოგს, ვიოლეტა ბგანბას ეკუთვნის. სწორედ მისი ინიციატივით მოხდა ახალგაზრდა პოეტების კრებულის გამოქვეყნებაც, რომლის პრეზენტაციაც შემოქმედებით საღამოზე მოხდა. მონაწილე ახალგაზრდა ავტორებმა წიგნის თითო ეგზემპლარი საჩუქრად მიიღეს.

ვიოლეტა ბგანბა დარწმუნებულია, რომ შეკრებილთა ნაწილისთვის, აღნიშნული საღამო იქნება პირველი ნაბიჯი დიდი პოეზიის სამყაროში.
"როდესაც დავწერე სამუშაო გეგმა, მქონდა იდეა გაგვეკეთებინა რაღაც ახალი. დავგეგმეთ კრებულის გამოცემა. ბიბლიოთეკის დირექტორმა გაიზიარა და მხარი დაუჭირა ამ იდეას. კრებული მოკლე დროში გამოიცა, რომ მოგვესწრო ღონისძიებისთვის", - ამბობს ის.

საღამოს ერთ – ერთი ყველაზე გამორჩეული მონაწილე, გუდაუთელი ახალგაზრდა პოეტი ენტონი ლაკობა იყო, რომელმაც ლექსების წერა 14 წლის ასაკში დაიწყო. ის დარწმუნებულია, რომ მთელი მისი ცხოვრება ლიტერატურასთან იქნება დაკავშირებული.

ვიღაცამ საღამოზე აღნიშნა, რომ აფხაზურ ლიტერატურას სჭირდება ახალგაზრდა სისხლი, რადგან პოეზია, მახვილი სიტყვა, რომანტიკოსთა და იდეალისტთა ცხელი გული ყველას ოცნებით გვასნებოვნებს.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print