ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
არასასურველი ეპიდსიტუაცია - აფხაზი მედიკოსები მოქალაქეებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ

აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა აპრილის დასაწყისში დაფიქსირდა. ამ მიზეზით ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა დააწესა.

გატარებულმა ზომებმა კარგი შედეგი გამოიღეს და ერთი თვის განმავლობაში Covid 19- ით ინფიცირების ერთეული შემთხვევები გამოვლინდა. თუმცა სტატისტიკა მას შემდეგ შეიცვალა, რაც რესპუბლიკაში რუსეთიდან არდადეგებზე ჩამოსული სტუდენტების შემოდინება დაიწყო.

ფსოუს საზღვრიდან ისინი სპეციალურად აღჭურვილი ტრანსპორტით საკარანტინო ზონაში გადაჰყავთ, რომელიც სოხუმში სასტუმრო „აიტარშია“ მოწყობილი. მიუხედავად ამისა, მედიკოსების და ეპიდემიოლოგების ნაწილი შიშობს, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აკონტროლებს მოქალაქეების მიერ საკარანტინო რეჟიმის დაცვას.

გუდაუთის რაიონის მთავარი სანიტარული ექიმის ინგა ჩანბას განცხადებით, მოქალაქეები არ იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.

"სიტუაცია არასასურველია. ამიტომ, თხოვნა ასეთია: დაიცვათ ორმეტრიანი დისტანცია, არ შეგროვდეთ. როდესაც ადამიანი დახურულ სივრცეში შემოდის, მას აუცილებლად უნდა ეკეთოს ნიღაბი. ამას თუ არ გავაკეთებთ, უბრალოდ დავიხრჩობით და მედიცინა ამას ვერ მოერევა", -  აცხადებს ინგა ჩანბა.

მან მაგალითად მოიყვანა შემთხვევა, როდესაც რუსეთიდან აფხაზეთში ჩასული მოქალაქე, იმის ნაცვლად, რომ თვითიზოლაციაში დარჩენილიყო, ოჩამჩირეში გაემგზავრა და სატირალში მივიდა.
"თვითონ ის კოვიდ-უარყოფითია, თუმცა საინკუბაციო პერიოდი არ დასრულებულა. ამიტომ, ადამიანები აუცილებლად უნდა იცავდნენ თვითიზოლაციის რეჟიმს", - ამბობს  მედიკოსი.

ინგა ჩანბა თვლის, რომ კარანტინში მყოფ პირებზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს, რადგან, სიტუაცია ძალიან ცუდია და შეიძლება მკვეთრად გაუარესდეს. მისი თქმით, განსაკუთრებული რისკის ჯგუფს კი ხანდაზმული ადამიანები წარმოადგენენ, რომელთაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადება აქვთ.

ხელისუფლება ცდილობს სიტუაცია მართოს. შექმნილია ოპერატიული შტაბი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ატარებს ღონისძიებებს კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით. ჯანდაცვის მინისტრის თამაზ ცახნაკიას თქმით, საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეების ბიოლოგიურ მასალას რესპუბლიკურ ბაქტეოროლოგიურ ლაბორატორიაში იკვლევენ.
"რესპუბლიკურ ბაქტეოროლოგიურ ლაბორატორიაში PCR დიაგნოსტიკა ტარდება, ეს აბსოლუტურად სანდო კვლევაა. გუშინ ჩვენ ასევე შევიძინეთ ექსპრეს-ტესტები იმუნოფერმენტული ანალიზის მეთოდით დიაგნოსტირებისთვის. ამ ექსპრეს-ტესტებს შესაბამისად გამოვიყენებთ საჭიროების მიხედვით“, - ამბობს თამაზ ცახნაკია.

22 მაისის მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტი მკურნალობს.

ამ დრომდე, აფხაზეთში Covid 19 - ით ინფიცირების 28 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 ადამიანი გამოჯანმრთელებულია, ერთი პაციენტი გარდაიცვალა.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.






























 

Print