ივნისის ბოლოს სოხუმში, მდინარე კელასურზე მდებარე ხიდის სარემონტო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. ხიდი, რომელიც მე - 20 საუკუნის შუა წლებში ააგეს,
ბოლოს, გასული საუკუნის 80 - იან წლებში შეაკეთეს. მაშინვე იგეგმებოდა უფრო მყარი კონსტრუქციის აღმართვა, რომელიც შავიზღვისპირეთის წრიული მაგისტრალის ნაწილი უნდა გამხდარიყო, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. იმ ჩანაფიქრისგან მხოლოდ ხიდის მასიური საყრდენები დარჩა.
ხიდის განახლების სამუშაოები "აფხაზეთის საგზაო ფონდმა" დააფინანსა. ფონდის დირექტორის მოადგილის, ვიტალი წვიჟბას თქმით, აღნიშნული ობიექტი ერთ-ერთია, რომელსაც ისინი ემსახურებიან, თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ეს არ არის კაპიტალური რემონტი.
"ამ ეტაპისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ჯერჯერობით არ გაკეთებულა... აი, აქ, თქვენ ხედავთ რომ სადეფორმაციო ნაკერების კონსტრუქციაა დაზიანებული, დეფორმირებულია და აუცილებელია ამ ხარვეზის აღმოფხვრა, რადგან მან შეიძლება გავლენა მოახდინოს ხიდის კონსტრუქციის სიმყარეზეც", - აღნიშნა წვიჟბამ.
გარდა ამისა, იგეგმება ხიდის სხვა პრობლემური ელემენტების, კერძოდ, მეტალის ბორდიურების ბეტონის ბორდიურებით ჩანაცვლება.
"აბხაზბერეგოზაშიტას" წარმომადგენლის საიდ გუმბას განმარტებით აღნიშნული ცვლილება მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით განხორციელდება.
"ვადებში ვეტევით, სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია, მეორე ეტაპზე შესრულდება საყრდენებს შორის მდებარე კომპენსატორების შეცვლა, ისინი ცუდ მდგომარეობაშია, უახლოეს მომავალში შევუდგებით ამ სამუშაოს შესრულებას",- აღნიშნა მან.
"აფხაზეთის საგზაო ფონდის" ინფორმაციით, ხიდის შეკეთების სამუშაოებზე 1 მილიონ 30 ათასი რუბლი დაიხარჯა.
მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
მასალის გამოყენების პირობები