ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
300 ინფიცირებული თითო ექიმზე და გადავსებული კოვიდ კლინიკები აფხაზეთში (ფოტო/აუდიო)
აფხაზეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უკიდურესად გართულდა. დღე - ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 150-200-ს , ხოლო ლეტალობის შემთხვევები 4-6-ს აღწევს.
სოხუმის და გუდაუთის კოვიდ კლინიკები გადავსებულია. აფხაზეთში თითო ექიმზე 300-ზე მეტი პაციენტი მოდის. მათ ნაწილს მედიკოსები ონლაინ, ნაწილს კი სტანციონარში ემსახურებიან. ამ პირობებში, ბევრ მათგანს, ინფექციონისტის მოვალეობის შეთავსებაც უწევს. მიუხედავად საგანგაშო ვითარებისა,  მთავრობა შეზღუდვების დაწესებას არ ჩქარობს. მოქალაქეები კი მოსახლეობას დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ, რითაც შეამსუბუქებენ სამედიცინო პერსონალზე დატვირთვას.
1059fm · ექიმი
"ძალიან დატვირთულები ვართ, მოსახლეობას მოვუწოდებთ დაიცვას ყველა ეპიდემიოლოგიური ნორმა, ვთხოვთ თავი აარიდოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, საზეიმო და სხვა ტიპის ღონისძიებებს, რათა საფრთხე არ შეუქმნას საკუთარ და გარშემომყოფების ჯანმრთელობას", - ამბობს ერთ-ერთი მედიკოსი.

სოხუმში კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ახალ რაიონში ფიქსირდება, რადგან ეს ქალაქის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ნაწილია, რომლის მოსახლეობაც აქტიურად სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ამასთან ერთად, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ინფიცირებულთა უმეტესობაში, დაავადება მძიმე ფორმით მიმდინარეობს.  

"ახალ რაიონში მუშაობა ძალიან რთულია, იქ შემთხვევები უფრო მეტია, ვიდრე სხვაგან ქალაქში, პრაქტიკულად, ადამიანების 50-70 % ნიღბებს არ ატარებს. ჩვენ ძალიან ვთხოვთ მათ დაიცვან ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები. რადგან, 50-60 წლის ზემოთ პაციენტები შემოჰყავთ ძირითადად, ძალიან მძიმე მდგომარეობაში, რომლებიც შემდეგ რეანიმაციაში ხვდებიან".
1059fm · მედიკოსი

ხშირია შემთხვევები, როდესაც კოვიდ დადასტურებული მოქალაქეები მალავენ დიაგნოზს, არ გადადიან თვითიზოლაციის რეჟიმში და განაგრძობენ ადამიანებთან კონტაქტებს. სოხუმელი ცოლ- ქმარი, სწორედ მეზობლის ამგვარი ქცევის შედეგად დაინფიცირდნენ. მეზობელმა გართულებების გარეშე გადაიტანა დაავადება, ცოლ-ქმრის მდგომარეობა კი ორ კვირაში ისე დამძიმდა, რომ მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
1059fm · სოხუმელი ქალი
"ჩემი მეუღლე უფრო მძიმედ იყო, ის უფრო ადრე დაინფიცირდა, უფრო მეტი გართულებები ჰქონდა. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, თითქოს ფრთხილად ვიყავით, მაგრამ, გამოდის, რომ სხვები არ იცავენ, არადა და აუცილებელია, რომ დაიცვას ყველამ. ჩვენ ვეცადეთ სახლში გვემკურნალა, მაგრამ არ გამოგვივიდა და საავადმყოფოში მოვხვდით", - ყვება შუა ხნის ქალი.

კიდევ ერთი ინფიცირებული პაციენტი, რომელიც გუდაუთის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა, უკვე პალატაში აგრძელებს მკურნალობას. მას, ისევე, როგორც ბევრს, არ სჯეროდა Covid-19 - ის არსებობის, თუმცა დღეს ის ყველას მოუწოდებს გაუფრთხილდნენ საკუთარ და გარშემომყოფების ჯანმრთელობას.

"მე არ მჯეროდა, რომ ეს დაავადება არსებობს, მაგრამ, ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე, ამ კოვიდით. რეანიმაციაში ვიყავი, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, ეს საშინელებაა, დიდი საშინელება. მე ძალიან გთხოვთ, გაუფრთხილდით თავს, მშობლებს, შვილებს.  მაქსიმალურად გაერიდეთ თავშეყრის ადგილებს, არანაირი ქელეხი, ქორწილი, ეს ყველფერი უნდა შევწყვიტოთ, თუ გვინდა ჩვენი ხალხის შენარჩუნება", - ამბობს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ქალი.
1059fm · კოვიდ გადატანილი ქალი

მედიკოსების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, მთავრობა ჯერჯერობით არ აწესებს ახალ შეზღუდვებს. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციის პროცესის განახლების შესახებ გააკეთა განცხადება. უწყების ინფორმაციით, მოქალაქეებს რუსული კოვიდ საწინააღმდეგო პრეპარატ "სპუტნიკ ლაითით" აცრიან, რომლის 5 ათასი დოზა 6 აგვისტოს მიიღეს მოსკოვიდან.

გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსის 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოპერატიული შტაბის მონაცემებით, გუდაუთის კლინიკაში ბოლო ორი დღის განმავლობაში 3 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსი 22 770 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია - 323, გამოჯანმრთელდა 18 205 მოქალაქე.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.







Print