საზოგადოება
„სამართლიანი საზოგადოებისთვის“ - კონსორციუმის სამართლებრივი დახმარება საქართველო პროექტი
კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო, პარტნიორ ორგანიზაციებთან - ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ "აფხაზეთთან" ერთად ქვეყნის რამდენიმე რეგიონში პროექტს "სამართლიანი საზოგადოებისთვის" ახორციელებს.



პროექტის ხელმძღვანელის, ნინა გელაშვილის თქმით, პროექტის ძირითადი მიზანი იძულებით გადაადგილებული პირების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობის ზრდაა, რითაც შესაძლებელი იქნება მოწყვლადი თემებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა და ანგარიშვალდებულ პირებთან დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით, ადვოკატირების კამპანიების ეფექტური წარმართვა.

"ამ მოკლე დროში მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სათემო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა დამოუკიდებლად შეძლონ რეგიონში არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრა და დევნილთა უფლებების დაცვა, გადაწყვეტილებების მიმღებ პირებამდე პრობლემების მიტანა და შედეგის მიღება", - აღნიშნა გელაშვილმა.

პროექტის ოთხი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: თემის მობილიზება, შესაძლებლობების ზრდა, ადვოკატირება, ალიანსებისა და გაერთიანებების გაძლიერება და კავშირების გამყარება.

პროექტის ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირებისთვის სხვადასხვა საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა. იურისტისა და ტრენერის, რუსუდან პაჭკორიას თქმით, ტრენინგები მონაწილეთა ჩართულობით გამოირჩეოდა და პროცესში დევნილებისთვის საინტერესო და პრობლემური საკითხები გამოიკვეთა, რომელიც ეხებოდა განსახლების, საარსებო წყაროების, სოციალური შემწეობებისა და სხვა საკითხებს.



გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა. აღნიშნული შეხვედრების დროს, დამსწრეებს პროექტით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ. მუნიციპალიტეტებისა და სამინისტორს ტერიტორიული ერთეულების თანამშრომლებმა მზადყოფნა გამოთქვეს აქტიური მონაწილეობა მიეღოთ პროექტით განხორციელებულ აქტივობებში.

პროექტი "სამართლიანი საზოგადოებისთვის" ერთწლიანია. ის მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 2018 წლის თებერვალში დასრულდება. პროექტში პარტნიორი ორგანიზაციებია: ლტოლვილთა დანიის საბჭო და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი".პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი

Print