რეგიონი
2018 წლის ყველაზე პოპულარული სახელები აფხაზეთში
2018 წელს სოხუმში გოგოს ყველაზე პოპულარული სახელი  სანელი იყო, - წერს ინტერნეტ გამოცემა „აიაირა“. წლის მეორე ნახევარში მშობლები ქალიშვილებს უფრო ხშირად ამელის არქმევდნენ. მმაჩის ბიუროს ინფორმაციით, გასულ წელს სოხუმში ბიჭებს არქმევდნენ ისეთ სახელებს, როგორიცაა ანისიმი, მირონი, მარკი და ბოგდანი.

ამავე ცნობით, ნაკლებად პოპულარული იყო ტრადიციული აფხაზური სახელი - ნართი.

ძველი აფხაზური სახელები უფრო მეტად შენარჩუნებულია ტყვარჩელში. ამ მხრივ, ბიჭის სახელებიდან ლიდერობენ - ასტანი, დანატი, აზამათი. გოგოებისთვის 2018 შეარჩიეს ისეთი სახელები, როგორიცაა, სამირა, სანელი, ელზა, დიანა, ანა. მხოლოდ ერთ ბავშვს დაარქვეს ძველი აფხაზური სახელი - ხიბლა. იშვიათი სახელებიდან გამოცემა გამოყოფს თომას და აარონს.

აფხაზური სახელები აქტუალური იყო გუდაუთაშიც. 2018 წელს აქ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდნენ ბიჭის სახელები - ლეონი და ქემალი, ასევე ბევრი იყო ნესტორი.

ახალ ათონში გოგოებს უფრო ხშირად არქმევდნენ მირას და სოფიას, ბიჭებს - დანიელს, გიორგის და თევდორეს.

გაგრაში 2018 წელს ბიჭებს მეტწილად არქმევდნენ  ნატანს. გოგოს სახელს რაც შეეხება, აქ ლიდერობდა  მარიამი.

ბიჭვინთაში ვაჟების ყველაზე პოპულარული სახელები იყო  ამირი და დავითი, გოგოების - ანა და სოფია. უცნაური სახლებიდან, ადგილობრივი მმაჩის ბიუროს წარმომადგენლები გამოყოფენ  ლუნას, დომინიკას, ასევე ომარსა და არმანს.

უცნაური ან იშვიათი სახელებით 2018 წელს გამოირჩეოდა გულრიფშის რაიონი. გოგოებს არქმევდნენ ისეთ სახლებს, როგორიცაა ნიკოლი, ბლაინა, ლილიტი და მელისა.

ოჩამჩირეში ყველაზე ხშირი იყო ისეთი სახელები, როგორიცაა დამირი და სალომეა.

გალის რაიონში 2018 წელს მოდაში იყო გოგოს ეგზოტიკური სახელები გაბრიელა და სალომეა, ბიჭებში უფრო ხშირი იყო ნიკა და გიორგი. გამოცემის ინფორმაციით, რაიონში ნაკლებად პოპულარულია ტრადიციული აფხაზური სახელები, თუმცა, მაინც შეხვდებით გოგოს ისეთ სახელს, როგორიცაა ასტანდა.


Print