რეგიონი
საგარეო უწყება: ICAO-ში სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს
ICAO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

საქართველოს ელჩი კანადაში და მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) კონსტანტინე ქავთარაძე ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტს ოლუმუივა ბენარდ ალიუს, ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ფანგ ლიუს, საჰაერო ნავიგაციის ბიუროს დირექტორს სტეფან კრემერს, საჰაერო მიმოსვლის მართვის დირექტორატის დირექტორს კრის დალტონს, საავიაციო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორს კატალინ რადუს და ICAO-სთან აკრედიტებული ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა.

„განხილვის თემა იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს ოკუპირებული აფხაზეთიდან, კერძოდ, სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენები განახორციელოს.

ელჩმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ამგვარი ნაბიჯები არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, გაერო-ს ქარტიას, უხეშად ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

შეხვედრაზე ICAO-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ICAO როგორც გაერო-ს სტრუქტურა, მხარს უჭერს გენერალური ასამბლეისა და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას და ერთმნიშვნელოვნად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მათ აღნიშნეს, რომ კარგად იცნობენ ამ პრობლემას, რომლის პოლიტიკური შემადგენლის განხილვა გაერო-ს ფარგლებში ხდება, ხოლო ტექნიკურ და სამართლებრივ მხარეს ჩიკაგოს კონვენცია და ICAO-ს წესები არეგულირებს. კერძოდ, მათ ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ჩიკაგოს კონვენცია და ICAO-ს პრინციპები კონვენციის წევრ ქვეყნებს უკრძალავს საჰაერო ნავიგაციის სფეროში ისეთ ქმედებებს, რაც მეორე ქვეყნის სუვერენიტეტს არღვევს. ამასთან ერთად აღინიშნა, რომ ICAO-ს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის საჰაერო სივრცისთვის, რომელშიც აფხაზეთი შედის მინიჭებული აქვს ერთიანი სპეციალური კოდი FIR (Flight Information Region), რომლის შეცვლაც, ან მეორე ქვეყნის საჰაერო სივრცის ან მისი ნაწილის კოდზე მიბმა საქართველოს თანხმობის გარეშე შეუძლებელია. ICAO, რომელიმე ქვეყნის, მათ შორის რუსეთის მხრიდან ამგვარი მიმართვის შემთხვევაში არც კი განიხილავს ამ საკითხს, რადგან ქვეყნის საჰაერო სივრცის კოდის ცვლილება მხოლოდ ამ ქვეყნის თანხმობით შეიძლება. შესაბამისად, რა კოდიც არ უნდა მიანიჭოს რუსეთმა სოხუმის აეროპორტს, ICAO მას ყოველთვის საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა ორგანიზაცის წევრებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის წესი, ანუ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც კრძალავს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

კონსტანტინე ქავთარაძემ ხაზი გაუსვა, რომ 1992-93 წლების სამხედრო მოქმედებების გამო, სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე ჯერ კიდევ 1993 წელს დაიკეტა. მისი თქმით, აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ნებისმიერი საჰაერო მიმოსვლა ამ ტერიტორიის თავზე ექვემდებარება საქართველოს მთავრობის თანხმობასა და ნებართვას. ხოლო იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საქართველოს მთავრობა ვერ ახორციელებს თავის ლეგიტიმურ იურისდიქციას აფხაზეთის ტერიტორიაზე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სტრუქტურები მოკლებული არიან შესაძლებლობას, უზრუნველყონ ფრენებზე ზედამხედველობის ფუნქციები. ამ პირობებში, შეუძლებელია ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა.

ელჩმა სთხოვა ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს საჰაერო ნავიგაციის ბიუროს ხელმძღვანელებსა და ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ამ უკანონო მცდელობას, მოსთხოვონ მას პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, გაეროს ქარტიასა და ჩიკაგოს კონვენციას.

ICAO-ს წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ელჩს მიწოდებული ინფორმაციისთვის და დაადასტურეს ICAO -ს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
24 / აპრილი 2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში 971 ადმინისტრაციული
24 / აპრილი 2024
ხუთშაბათს, 25 აპრილს 17:00 საათზე, ზუგდიდში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი "აგენტების' კანონთან დაკავშირებით მოქალაქებს შეხვდება, მოგვიანებით კი, იუსტიციის სახლიდან საპროტესტო მსვლელობაც დაიძრება.
24 / აპრილი 2024
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, 2023 წელს სამეგრელოსა და სხვა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისთვის საჭირო პროცესის დარღვევები გამოვლინდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.