მოქალაქე ჟურნალისტები
წალენჯიხის სპორტულ დარბაზს რეაბილიტაცია სჭირდება (ვიდეო)
წალენჯიხაში არსებული ,,ვლადიმერ შანავას სახელობის’’ სპორტული დარბაზი სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს. მიუხედავად არსებული პირობებისა, წვრთნები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მათ შორის, კრივში, ფეხბურთსა და კალათბურთში ინტენსიურად ტარდება.



‘"ჩვენ ამ დარბაზში ვართ იჯარით, არ გვაქვს საშუალება რემონტი გავაკეთოთ, რომც გვქონდეს, სამართლებრივად ამის უფლება არ გვაქვს, რადგანაც ეს დარბაზი ჩვენს დაქვემდებარებაში არ არის. გვინდა, რომ უკეთესი პირობები იყოს. მიუხედავად ამისა, დარბაზი დატვირთულია და მიმდინარეობს შეჯიბრებები", - ამბობს სასპორტო ცენტრის დირექტორი რამინ ჭანია.

აქ არც შუქია, არც გათბობა და არც სველი წერტილები. კომპლექსის აღსაზრდელები საჯაროდ პრობლემებზე საუბარს ერიდებიან, თუმცა, აღნიშნავენ რომ დარბაზის პირობები მათ არ აკმაყოფილებთ და უკეთეს პირობებში ვარჯიში სურთ. 

სპორტკომპლექისი დირექტორი თამაზ ლუკავა ამბობს, რომ არაერთი მცდელობა ჰქონდა მიეღო დახმარება, მერიასაც მიმართა წერილით, თუმცა მისი თქმით არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ლუკავა მხოლოდ აიპების ჩარიცხული თანხით ახერხებს დარნაზის შენარჩუნებას.

,,დარბაზი დაახლოებით 800 მაყურებელს იტევს, ახალგაზრდები ხშირად შემოდიან და თამაშობენ, მერიაც ატარებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, თუმცა ფინანსური მხარდაჭერა არ მიგვიღია. წერილიც გავაგზავნე მერის სახელზე და გვპირდებიან, მაგრამ სიტუაცია უცვლელია, მხოლოდ აიპების მიერ ჩარიცხული თანხით ვახერხებ შევინარჩუნო დარბაზი. ალბათ ახლის მშენებლობას და არსებულის დემონტაჟს გეგმავენ , თუმცა ვის ხელეწიფება ჩემთვის უცნობია'' - აღნიშნა თამაზ ლუკავამ

სპორტკომპლექსი 1998 წელს აშენდა. ამ დროისთვის აქ 70 მდე ბავშვი ირიცხება. რამინ ჭანიას ინფორმაციით, 2019 – 2020 წლებში სპორტკომპლექსის მშენებლობაა დაგეგმილი.

ავტორები:
მარიამ შეროზია
სალომე აბრალავა

Print