მოქალაქე ჟურნალისტები
შშმ პირებისთვის ადაპტირებული შენობები აბაშაში (ვიდეო/ფოტო)
აბაშაში არსებული ადმინისტრაციული შენობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებულია და გადაადგილება მათთვის მეტ-ნაკლებად უსაფრთხოა. თვითმმართველობის ცენტრალური და კულტურის სახლის შენობების შესასვლელებთან, ასევე გამგეობის შენობის პირველი სართულზე პანდუსები მოეწყო.

ირაკლი ჭანტურია 14 წელია შშმ პირია. ის დღეს აბაშის საკრებულოს დეპუტატია, თვლის რომ ცხოვრობს, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი და არ გამოირჩევა საზოგადოების სხვა წევრებისაგან. სახლიდან სამსახურამდე გადაადგილებას თავისი ტრანსპორტით ადვილად ახერხებს და თავს უსაფრთხო გარემოში გრძნობს.

,,ძალიან ბევრი შშმ პირია საქართველოში, ბევრი მწერს, შენი აქტიური ცხოვრება და შემართება ჩვენ ძალას გვაძლევს; იყო საკრებულოს დეპუტატი და თან შშმ პირი ეს არის დიდი სტიმული’’ - გვიყვება დეპუტატი.

თუმცა, შენობების ნაწილი შშმ პირებისთვის შეღწევის მხრივ კვლავ პრობლემად რჩება.

აბაშის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი შალვა დარცმელიძე ამბობს, რომ რამდენიმე სკოლაში პანდუსების მოწყობა უახლოეს მომავალში დაიწყება.

,,ახალი რაც შენდება, ყველგან გათვალისწინებულია შშმ პირებისთვის პანდუსები, ძველი შენობები ინფრასტრუქტურულად ისეთი გამართული არ არის, რომ ეს მოხერხდეს, თან ლიფტის დაყენებაა საჭირო სხვადასხვა სართულებზე ასასვლელად და ეს თანხებთანაა დაკავშირებული, თუმცა საკრებულოში იგეგმება ლიფტის გაკეთება უახლოეს მომავალში’’ – განუცხადა რადიო ,,ათინათს’’ შალვა დარცმელიძემ.

ავტორები:
ნინი კაჭარავა
გვანცა მიმინოშვილი

Print