მულტიმედია
ორსანტიელი მედოლის მიერ შემონახული ხელობა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიის მკვიდრმა 75 წლის გიზო ხაზალიამ ქართული ხალხური ინსტრუმენტის აწყობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბავშვთა ანსამბლი „კოლხეთი“ ჩამოაყალიბა. ამბობს, რომ ამჟამად 18 მოსწავლე ჰყავს და თითოეული მათგანი მის მიერ დამზადებულ დოლზე უკრავს.

„ეს საქმე ახალგაზრდობაში ვისწავლე, მაგრამ ადრე არასოდეს გამიკეთებია. ანსამბლში მხოლოდ ვუკრავდი და ვცეკვავდი. თუმცა ვინმეს თუ დოლი გაეხეოდა მე ვუკერავდი“, - იხსენებს ხაზალია.

დოლის აწყობას ხის პატარა ცილინდრული კორპუსის დამზადებით იწყებს, შემდეგ მას ორივე მხარეს ტყავს აკრავს, რომელსაც თასმებით ამაგრებს. ამბობს, რომ ტყავი აუცილებლად ხბოს ან თიკნის უნდა იყოს. ამ უკანასკნელს კი კირში ამუშავებს და საგულდაგულოდ აპრიალებს.

„ტყავის დამზადება არ არის იოლი საქმე, ბევრი დამუშავება სჭირდება. დამუშავებული ტყავი მზეზე უნდა გააშრო, გადაკვრამდე კი წყალში უნდა ჩაალბო, რათა მარტივად შეიკეროს. “, - გვიხსნის ის.


გიზო ხაზალია ამბობს, რომ ზუგდიდში დოლებს მის გარდა არავინ არ აკეთებს და სწუხს, რომ მისი აწყობის სწავლის მსურველიც არავინაა. დოლის გარდა, ამზადებს დიპლიპოტოს და ტამტამს. ჩვენთვის დიპლიპიტოს ჩვენება ვერ შეძლო, რადგან ყველა გაყიდული ჰქონდა.

„არავინ არ აკეთებს დოლებს ზუგდიდში, შეიძლება ტყავი გადააკრან, მაგრამ თავიდან ბოლომდე ჩემს გარდა არავინ აკეთებს. ჩემთვის არავის უსწავლებია ამის გაკეთება, ერთხელ, დიდი ხნის წინ ვანხე, თუ როგორ აკეებდნენ და ეს საკმარისი აღმოჩნდა. იმას რაც ვიცი ჩემს შვილიშვილს ვასწავლი, თუმცა ახლა ეს არავის აინტერესებს, მე 75 წლის ვარ ჩემს მერე, ხომ უნდა გააკეთოს ეს ვიღაცამ“, - ამბობს ოსტატი.

საკრავი ინსტრუმენტებისა და მუსიკის სიყვარული მას ოჯახიდან გამოყვა. ამბობს, რომ მის ოჯახში დედა მღეროდა, ძმა და დები კი ფანდურზე, გიტარაზე და ჩონგურზე უკრავდნენ.

„სანამ ომი დაიწყებოდა და აქეთ წამოვიდოდი აფხაზეთის ცეკვისა და სიმღერის სახლმწიფო ანსამბლის მონაწილე ვიყავი. დოლზე ვუკრავდი, ვცეკვავდი. ომის შემდეგ წამოვედი და აქ დავსახლდი. მას შემდეგ 1993 წლიდან ქორეოგრაფიას ვასწავლიდი ორსანტიის სკოლაში. ანსამბლის ჩამოყალიბება და ამ საქმით დაკავება ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ედიშერ თოლორაიამ შემომთავაზა და მეც სიამოვნებით დავთანხმდი“, - ამბობს ის და დასძენს, რომ მას

დოლებისა და ამ ინსტრუმენტზე დაკვრის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. რამდენიმე დოლი საზღვრგარეთაც გააგზავნა, რითაც ოსტატი ძალიან ბედნიერია.



Print