მულტიმედია
მოხალისეობის ინსტიტუტი კოლხურ ტრადიციაში (ვიდეო)
ქართულ ტრადიციებში ნადი შრომის ორგანიზაციის ერთ-ერთი უძველესი ფორმა, რომელსაც სამეგრელოს სოფლებში დღესაც იყენებენ. ის ურთიერთდახმარების ან მოხალისეობის პრინციპზეა აგებული. ნადს ანუ მეზობლების ჯგუფს მიწის სამუშაოების (ხვნა, ბარვა, თოხნა და სხვა), სახლის მშენებლობის, თხილის შეგროვების და ან სხვა შრომატევადი სამუშაოების დროს იწვევენ. ზუგდიდის სოფლებში მცხოვრებლები გვიყვებიან, რომ ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება, თუმცა არა იმ მასშტაბებით, როგორც ეს ადრე იყო.

სოფელ დარჩელის მკვიდრი 95 წლის ღუბურ ქორთუა იხსენებს, რომ მისი ქორწილი ექვსას კაცზე იყო გაშლილი და ის მხოლოდ მეზობლების დახმარებით გადაიხადა.

„თხილნარებშიც კი სუფრა იყო გაშლილი. მაშინ ქორწილიც და ქელეხიც მეზობლების და რა თქმა უნდა ახლო ნათესავების დახმარების გარეშე წარმოუდგენელი იყო. ყველა ისე ვეხმარებოდით ერთმანეთს, როგორც შეგვეძლო... ვიღაცას გოჭი მოჰყავდა, ვიღაცას ქათამი და ვიღაცას სიმინდი მოჰქონდა.... მეზობლებს ყანა თუ ჰქონდა მოსათოხნი იქაც ნადი ეხმარებოდა, არაფერი არ კეთდებოდა მეზობლის დახმარების გარეშე. 4 კილომეტრზე მეტს გავდიოდით ერთმანეთს, რომ მივხმარებოდით. ახლაც არის ერთმანეთის თანადგომა, მაგრამ ისეთი მასშტაბური არა როგორც მაშინ. დღეს სოფელში იშვიათად აკეთებენ ქორწილებს“, - ამბობს ღუბურ ქორთუა.

სოფელ ერგეტაში მცხოვრებ 105 წლის საშა ჯიქიას ბავშვობის პერიოდის გახსენება უჭირს, თუმცა კარგად ახსოვს, რომ 9 ობოლი და-ძმა მეზობლების დახმარებით გაზარდა.

„ცხრა დედმამისშვილი ვიყავით, ობლად დავრჩით... მე ყველაზე უფროსი ვიყავი და მათი გაზრდა მომიწია. როგორ შეიძლება, არ ვთქვა მეზობლების დიდი წვლილი ობოლი და-ძმის გაზრდაში. 105 წლის ვარ და დეტალურად ვერ მოგგიყვებით, ვერც გავიხსენებ, კონკრეტულად როგორ ვეხმარებოდით ერთმანეთს, მაგრამ მეზობელის გარეშე წარმოუდგენელი იყო რამის გაკეთება. სოფლებში დღესაც შემორჩენილია ეს ტრადიცია და მიხარია, რომ ახალგაზრდები ერთმანეთს გვერდში უდგანან“, - თქვა საშა ჯიქიამ.

რადიო „ათინათის“
გადამღები ჯგუფი ზუგდიდის რამდენიმე სოფელში იმყოფებიოდა, სადაც სახლის მშენებლობა, თაფლის დაწურვა, სიმინდის დათესვა და ყანის მოთოხნვა მეზობლების დახმარებით მიმდინარეობდა.

ამავე თემაზე:
ნადი - ნოდი

მასალა მომზადებულია მოხალისეობის ფორუმისთვის, რომელიც ზუგდიდში 2018 წლის 7 ივნისს  ჩატარდა. ფორუმი ორგანიზებული იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის მიერ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით, პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" (2017 -2020) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.


Print