მულტიმედია
15 წლის გოგონა ზუგდიდიდან, რომელმაც 50-ზე მეტი ცხოველი გადაარჩინა (ფოტო, ვიდეო)
როდესაც ქუჩაში პირველად ნახა, ისეთი გამხდარი იყო, ბეწვგაცვენილი კანი მთლიანად ძვალზე ჰქონდა გადაკრული, დაავადება კი მთელ ტანზე მოსდებოდა. არავის ეგონა, რომ იცოცხლებდა, მაგრამ ბერტა გადარჩა.

ბერტა პირველი ძაღლი იყო, რომელიც მარიამმა შინ წამოიყვანა. ცხოველები ყოველთვის უყვარდა, თუმცა ამ შემთხვევამ მისი ცხოვრებაც შეცვალა და ცხოველებისაც. მას შემდეგ, ორი წლის განმავლობაში, კიდევ 50-ზე მეტი მათგანი იხსნა სიკვდილის, ავადმყოფობისა და შიმშილისგან.


მარიამი 15 წლისაა. მათთვის, ვინც ხან თვეობით იდებს ბინას მის სახლში, თავშესაფარი, აივანზე, მშობლებთან ერთად მოაწყო. მშობლები ყველაფერში ეხმარებიან, თავადაც მოჰყავთ შინ მიუსაფარი ძაღლები და კატები, ყიდულობენ საკვებს და მარიამთან ერთად მკურნალობენ.

ახლა მათ მიერ მოწყობილ პატარა თავშესაფარში 3 ძაღლი, 7 ლეკვი, 5 კატა და 3 კნუტი ცხოვრობს.



მარიამი სოციალურ ქსელში ცხოველთა მოყვარულების სხვადასხვა ჯგუფის წევრია. იხსენებს, რომ სწორედ აქედან ისწავლა, როგორ უნდა ემკურნალა ცხოველებისთვის.

უკვე განკურნებული და აცრილი ცხოველისთვის ახალ პატრონს საგულდაგულოდ, წინასწარი გასაუბრებით არჩევს. ცდილობს, კატები და ძაღლები მზრუნველი და საიმედო ადამიანების ხელში აღმოჩნდნენ.

ცხოველებს მარიამი ზუგდიდის ქუჩებშიც აპურებს, მისი მზრუნველობის ქვეშ ათობით მიუსაფარი ძაღლია.

პატარა ცხოველთადამცველს მომავალი საქმიანობის სფეროც არჩეული აქვს. მარიამი ვეტერინარობას აპირებს და დარწმუნებულია, რომ ეს პროფესია ბევრი ცხოველის გადარჩენაში დაეხმარება.

მანამდე კი ოცნებობს, რომ ქალაქს ცხოველების თავშესაფარი ჰქონდეს, რადგან ფიქრობს, რომ მიუსაფარი ოთხფეხა მეგობრების პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ ამ გზით შეიძლება.

ამავე თემაზე: სტუმარი - მარიამ ბერიშვილი

Print