მულტიმედია
მეგრულად ამღერებული ფრანგები (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდს ფრანგული ანსამბლი Le Cri du Choeur სტუმრობდა. ტულუზადან ქართული ფოლკლორის შესასწავლად ჩამოსულმა შემსრულებლებმა სხვადასხვა ქვეყნების ხალხური სიმღერები შეასრულეს. სოციალურ კაფე „მეგობარში“ შეკრებილთათვის მათ ქართულად და მეგრულადაც იმღერეს.



გუნდის ხელმძღვანელის ბრუნო კოფინოს თქმით, ისინი ბევრს მოგზაურობენ და რეპერტუარისთვის მსოფლიო მასშტაბით ეძებენ სიახლეებს.

„ვასრულებთ სიმღერებს მთელი მსოფლიოდან, ვიცით, რომ საქართველოს გამორჩეული ხალხური პოლიფონია აქვს, ამიტომაც გვინდოდა აქ ჩამოსვლა და ქართული სიმღერების შესწავლა. გადავწყვიტეთ ტურის მოწყობა, უკვე ვიყავით თბილისში, ასევე გორში, დღეს ვართ ზუგდიდში და მივდივართ სვანეთში. აქ ვტკბებით ყველაფრით - ღვინო, ჭაჭა, საჭმელი- მართლა ძალიან მაგარია. დღევანდელი კონცერტის აუდიტორია იყო შესანიშნავი, მათ სიამოვნებით მოისმინეს ჩვენი ნამღერი - ამან ჩვენზე დიდი შთაბეჭდილებ მოხდინა, მადლობა !“, - აღნიშნა მან.



ფრანგ სტუმრებს საქართველოში მასპინძლობა ზოე პერემ გაუწია, რომელიც საქართველოში 10 წელზე მეტი ხანია ცხოვრობს. ახალგაზრდა ფრანგი ქალი, რომელიც საქართველოში პირველად საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით ჩამოვიდა და აქ ცხოვრება გადაწყვიტა, დღეს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ უცხოელებს ქართულ სიმღერას თავად ასწავლის.

„საქართველოში ქართული სიმღერების სასწავლებლად ჩამოვიდნენ, ძალიან უყვართ ხალხური სიმღერები და გადაწყვიტეს სხვადასხვა სოფლებში ევლოთ - მაგალითად ახლა ვიყავით გურიაში, ზუგდიდში გავიარეთ, ამ ერთი მშვენიერი საღამოსთვის და მივემგზავრებით სვანეთში სადაც შევისწავლით სვანურ სიმღერებს“, - თქვა ღონისძიების ორგანიზატორმა.




საღამოზე რამდენიმე სიმღერა ადგილობრივი ანსამბლის "იანარის" წევრებმაც შეასრულეს.



"ფაქტიურად ვიმოგზაურეთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში, რაც ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო. განსაკუთრებით კი აფრიკული ფოლკი, რომელიც ჩემთვის არის უსაყვარლესი და ვიცეკვე კიდევაც. კარგი საღამო იყო, ემოცია დიდხანს გამყვება თან",- თქვა საღამოზე მოსულმა სტუმარმა, ზუგდიდელმა დავით ლოგუამ.

ზუგდიდიდან ფრანგი სტუმრები სვანეთში გაემგზავრნენ, სადაც მათ კონცერტს მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი უმასპინძლებს.
Print