მულტიმედია
ზუგდიდელმა ოჯახმა მიუსაფარ ძაღლებს თავშესაფარი მოუწყო (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდში, წმინდა ნინოს ქუჩაზე ერთ-ერთი სახლის წინ პატარა, სახელდახელოდ მოწყობილ თავშესაფარს ნახავთ, სადაც ოთხი უპატრონო ძაღლი ცხოვრობს. ასე სიცივისა და წვიმისგან მათ დაცვას პაპიკაშვილების ოჯახი ცდილობს. სწორედ მათ მოუწყეს ძაღლებს ჭიშკართან ახლოს დროებითი თავშესაფარი.

წრიპა და ტუზიკა

"რადგან ზამთარია, ცივი და წვიმიანი დღეებია, გვინდოდა, რომ დავხმარებოდით ამ ძაღლებს, რომ უფრო თბილად ყოფილიყვნენ, ამიტომაც დავშალეთ კარადა და ასეთი პატარა სახლუკა გავუკეთეთ", - გვითხრა 67 წლის ნანული პაპიკაშვილმა, რომელიც მიუსაფარ ძაღლებს, 5-6 წელია უვლის.

წრიპას, ტუზიკას, ცუცას და უსინათლო სიმბას სახელები სწორედ მან შეარქვა. ამბობს, რომ მათზე ყოველდღიურად ზრუნავს და თუ რომელიმე "სახლში" მოსვლას იგვიანებს, ნერვიულობს.

ნანული პაპიკაშვილი და მისი ოთხფეხა მეგობრები

"ამ პატარა სახლის მოწყობამდეც აქ ცხოვრობდნენ, ჩვენს ჭიშკართან. მეც მიყვარს და თვითონაც ვუყვარვართ, მიჯერებენ, ჭკვიანები არიან. გარდა ამისა, გვიცავენ ჩვენ და იცავენ მიმდებარე ტერიტორიასაც", - გვითხრა მან.

კიდევ ერთი ძაღლი პაპიკაშვილებს, დაახლოებით, 6 თვის წინ დაეკარგათ. განიცდიან და ცდილობენ, დარჩენილ ოთხფეხა მეგობრებს სიყვარული და ყურადღება  არ მოაკლონ.
Print