ახალი ამბები
ბაჩანა შენგელია გამოძიების დაწყებაზე: ეს არის მნიშვნელოვანი წინსვლა
ია კერზაის შვილი ბაჩანა შენგელია ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გენერალური  პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, ეს დაგვიანებული, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. როგორც მან რადიო "ათინათს" უთხრა, მას იმედი აქვს რომ გამოძიება არ იქნება ფორმალური და დროში გაწელილი.

„ეს არის ძალან მნიშვნელოვანი, თუნდაც დაგვიანებით, ვინაიდან მათ მოუწევთ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და მტკიცებულებების გამოკვლევა. იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება ფორმალური დაწყება. ჩვენ მივადევნებთ თითოეულ მოქმედებას თვალყურს და ეს უნდა იყოს ეფექტური. მათი განცხადებიდან, როგორც ჩანს რაღაც დამატებით მტკიცებულებას ელოდებოდნენ, შესაბამისად ახლა მიიღეს გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ გამოძიება უფრო იმ პროცესებმა დააჩქარა, რაც ვითარდებოდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. იგივე საკომიტეტო მოსმენა. ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ არ შეიძლებოდა ამ საქმეზე არ დაწყებულიყო გამოძიება. ალბათ საზოგადოებრივმა აზრმაც იქონია გავლენა. მე მარტო არ ვიყავი, დეპუტატების და არასმთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა მნიშვნელოვანია ამ საქმეში, რომლებიც ერთობლივად თავის წვლილს დებდნენ იმაში, რომ გამოკვეთილიყო დანაშაულის ნიშნები“, - თქვა ბაჩანა შენგელიამ.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ამავე თემაზე: 

პროკურატურამ ია კერზაიას საქმეზე გამოძიება დაიწყო

Print