მულტიმედია
ცხრა აპრილის ტრაგედია ზუგდიდელი მხატვრის შემოქმედებაში (ფოტო)
21 ვარსკვლავი, სანთელი, მგლოვიარე ქალები, მუქი ფერები და ტიტები - ასე შეეცადა ნინო ქირია ტილოზე გადმოეტანა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია. ზუგდიდელმა მხატვარმა საქართველოს ისტორიის ამ უმძიმესი დღის აღწერასა და ზეთის საღებავებით ტილოზე გადმოტანას ათი დღე მოანდომა.

„ძალიან ტრაგიკული თემაა, ვეცადე, რომ ეს ტკივილი და სევდა ნახატებში გადმომეცა. ნახატზე 21 ვარსკვლავი იმ ადამიანებთან არის კავშირში, ვინც 9 აპრილს გარდაიცვალა. ეს მგლოვიარე ქალები სანთლის ქვეშ ლოცულობენ და პატივს მიაგებენ მათ. ეს ტიტებიც სიმბოლოა ამ დღის. რთული წარმოსადგენი და გადმოსაცემია ტილოზე, მაგრამ მგონია რომ ახლოს არის თემასთან“, - თქვა მხატვარმა.

ნინო ქირია ბავშვობიდან ხატავს და პერსონალურ გამოფენაზე ოცნებობს. სახელოსნო საკუთარ სახლში მოაწყო და ნელ-ნელა საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდაც აქცია. გვიყვება, რომ ხშირად თავის ნამუშევრებს ვერ ელევა, თუმცა ნახატს მსურველების გემოვნებითა და საკუთარი კომპოზიციის შერწყმით ქმნის.

„ხატვა ჩემთვის უმთავრესია. ამის გარეშე ვერ წარმომიდგენია ნინო ქირია. ბევრი ნამუშევარი არ მაქვს. ერთი სურათის დასახატად დიდი ხანი მჭირდება. უფრო მეტი წილი ტილოზე მაქვს, ასევე მიყვარს ფერადი გრაფიკა. ჩემი სახელოსნო პატარაა, თუმცა მყუდროა და რაც მთავარია ბავშვებთან ახლოს არის. ვცდილობ, რომ პატარებთან ახლოს ვიყო. მეხუთე კლასიდან ვხატავ. ჯგუფურ გამოფენებში მიმიღია მონაწილეობა, თუმცა პერსონალური ჯერ არ მქონია და ოცნებად მექცა“, - აღნიშნა მან.

მანამ კი, სანამ პერსონალური გამოფენისთვის მოემზადება, მისი ნახატი 9 აპრილის ტრაგიკულ დღეზე ზუგდიდის არტ-გალერეაში, სხვა თემატურ ნამუშევრებთან ერთად გამოიფინება.



Print