მულტიმედია
როგორ დაიჭირა 80 წლის მეთევზემ გიგანტური ლოქო (ფოტო)
ლოქო, რომელიც ზუგდიდელმა სერგო ყურაშვილმა მდინარე ტეხურაში დაიჭირა, სავარაუდოდ, თხუთმეტი წლისაა. თევზის წონა 62 კილოგრამი, ხოლო სიგრძე მეტრი და 80 სანტიმეტრია. 80 წლის მოყვარულმა მეთევზემ ლოქო ანკესით დაიჭირა, მის ამოყვანაში კი შვილი დაეხმარა.

სერგო ყურაშვილი ამბობს, რომ  ადრე 85 კილოგრამიანი ლოქოც დაუჭერია. როგორც თვითონ ყვება, ამისთვის ანკესზე 60 გრამიან ტყვიას აბამს, რომელსაც ფსკერზე უშვებს, ხოლო სატყუარად თევზს იყენებს. სასურველი ნადავლის მოსაპოვებლად მამა-შვილი მდინარის ნაპირზე ორი დღე იმყოფებოდა.

„მთელი ღამე იქ ვიყავი, პირველ საათზე დავიჭირე დღისით. საათ-ნახევარი ვწვალობდით. ჯერ ვცდილობდი ამოყვანას კარგა ხანი,  მერე მამუკა მეხმარებოდა. ანკესით დავიჭირეთ. 40 წელია, რაც მოყვარული მეთევზე ვარ. დამიჭერია 40, 60 და 85 კილოიანიც კი. პატარებს ვუშვებთ წყალში, რაც შეეხება დიდებს, მდინარეში გაშვებას აზრი არ აქვს - მას მაინც მოკლავენ ბრაკონიერები“, - უთხრა რადიო „ათინათს“ სერგო ყურაშვილმა.

მისი შვილის, მამუკა ყურაშვილის თქმით, მეთევზისთვის დიდი ზომის თევზის ანკესით დაჭერა  ძალიან რთულია.

„რამდენიმე ანკესი მიგვქონდა, რკინაც დასამაგრებლად. ტყვია, რომელიც ანკესს ებმევა უნდა შეიღებოს - ლოქომ მისი სუნი რომ იგრძნოს სატყუარაზე არ მოვა. ერთხელ მქონდა შემთხვევა, რომ ანკესი გამიტეხა. რთულია ამხელა თევზის ჯერ წყალში დამაგრება, შემდეგ კი ამოყვანა. თევზი, რომ სახლში წამოსაღებად მანქანაზე დაგვედო ბევრი ვიწვალეთ“, - ამბობს მამუკა ყურაშვილი.

საბოლოოდ, ტეხურაზე დაჭერილი დიდი ზომის ლოქო სახლში წამოიღეს და აპირებენ, რომ მეზობლებს და ახლობლებს გაუნაწილონ.




Print